მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანანო გაბუნიას გზა საქართველოს ბანკისა და MASE-ს სტიპენდიატობიდან კანის ლომებზე გამარჯვებამდე

Future Lions
10.07.24 10:51
506
სტატიაში საუბარია:

„ოფიციალურად ანა მქვია, მაგრამ ყველა ანანოს მეძახის. ვარ არტდირექტორი ფინანსისტის დიპლომით (რომელიც სადღაც შორს, რომელიღაც უჯრაშია ჩაკეტილი)“, — ასე გვეცნობა ანანო გაბუნია თავის ვებგვერდზე. ყოფილ მონაცემთა ანალიტიკოსს, ერთ დღეს „ექსელის“ ფაილები შენახვის გარეშე დაუხურავს და გულის კარნახით, სარეკლამო ინდუსტრიაში აღმოჩენილა.

ანანო ქართველი არტდირექტორი, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკისა და MASE-ს ერთობლივი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი და ახლა უკვე კანის ლომების გამარჯვებულიცაა.

კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ანანომ, მეწყვილესთან ერთად, Future Lions-ის პრიზი მოიპოვა. ეს კანის ლომებზე ერთადერთი სტუდენტური კატეგორიაა, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის დიდი კონკურენციით ხასიათდება.

თავგადასავლებით სავსე კარიერული განვითარების გზის შესახებ ანანო თავად გვიყვება:

შეცვლილი პროფესია და პირველი ნაბიჯები

„პირველი ნაბიჯები კრეატიულ ინდუსტრიაში მოულოდნელად გადავდგი: ESM-ის ფინანსების დიპლომით ხელში, სრულიად სხვა სფეროში ვმუშაობდი, თუმცა გული ყოველთვის სარეკლამო საქმისკენ მიმიწევდა“, - გვიყვება ანანო, - „Ad Black Sea-ზეც დავდიოდი და კანის ლომების ღონისძიებებსაც ვესწრებოდი. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, რომ დრო იყო, შანსი მიმეცა ჩემი ოცნებისთვის და კარიერა 180 გრადუსით შემომეტრიალებინა. ასე დავიწყე მუშაობა Redberry-ში ჯუნიორად და ჩემს ფინანსების დიპლომსაც გულისწყვეტის გარეშე გამოვემშვიდობე“.

ანანო ამბობს, რომ ყველაზე გარდამტეხი ამბები მის ცხოვრებაში ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როცა გადაწყვეტდა, რომ ახლა სხვა რამე უნდა ეცადა. ასე აღმოჩნდა კრეატიულ სფეროში, მერე კი, გადაწყვიტა, რომ მიმართულება შეეცვალა და ქოფირაითერობის ნაცვლად კრეატიული სტრატეგი და არტ-დირექტორი გამხდარიყო. მისი თქმით, თუკი ამ ინდუსტრიაში ხარ, რაც შეიძლება ბევრი რამ უნდა ცადო, რომ უკეთესი პროფესიონალი გახდე.

Miami Ad School Europe — გზა, რომ გახდე უკეთესი პროფესიონალი

Miami Ad School მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრეატიული სკოლაა, რომლის კურსდამთავრებულებიც გლობალურ ბრენდებში აგრძელებენ პროფესიულ ცხოვრებას. უკვე მეხუთე წელია, საქართველოს ბანკი, MASE-სთან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ბერლინში, სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

ანანო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული 2022 წელს გახდა და ქოფირაითინგის ორწლიან პროგრამაზე ჩაირიცხა. იგი ხაზს უსვამს ამ სკოლის ყველაზე გამორჩეულ თვისებას — თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ჭრილში სწავლებას. თუმცა, ბერლინში მოხვედრილ ანანოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავისი პროფესიული ჭრილი შეეცვალა.

„საქართველოში ყოფნისას კრეატიული სტრატეგობაც მოვასწარი და ძალიან მომწონდა“, — აღნიშნავს იგი, — „MASE-ში სწავლისას არტდირექტორობა გადაწყვეტილი საერთოდ არ მქონია, უბრალოდ, ყოველდღიურმა მუშაობამ და კრეატიულმა პროცესმა მიმახვედრა, რომ დრო იყო, არტიც მეცადა; მით უფრო, რომ ბავშვობიდანვე ყველაზე მეტად ეს მიზიდავდა: ყოველთვის, როცა იდეაზე ვფიქრობდი, ჯერ ვიზუალს წარმოვიდგენდი ხოლმე. მომწონს, რომ როგორც არტ-დირექტორი, სრულიად ჩართული ხარ კრეატიულ პროცესში და ამასთან, პროექტის ვიზუალური მხარის შექმნაც შენზეა“.

MASE-ში სწავლის ნაწილია სტაჟირების გავლა რომელიმე ცნობილ კომპანიაში. ანანო მილანის სააგენტო LePub-ში აღმოჩნდა და მისი მუშაობის ჩქარ ტემპში გადაეშვა. ამბობს, ასე სწრაფად ალბათ სხვაგან ვერსად გავიზრდებოდიო.

„MASE-მა სრულიად სხვა რეჟიმში ჩამსვა და გლობალური კრეატიული სფეროც სხვანაირად დამანახა“, — ასე აფასებს საუკეთესო კრეატიულ სკოლაში სწავლის გამოცდილებას ანანო, — „ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება, რაც აქ მივიღე, სწორედ სტაჟირებები იყო. განსაკუთრებით, ვთვლი, რომ LePub-ში ყველაზე მეტად გავიზარდე. ვისწავლე, როგორ ვყოფილიყავი კიდევ უფრო სწრაფი, გადავაფასე იდეები, მათი შექმნის პროცესი და craft-იც გაცილებით დავხვეწე“.

მოულოდნელი გამარჯვება კანის ლომებზე

იცოდით, რომ მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი სმენის დაზიანების რისკის ქვეშაა? მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, მუსიკის მოსმენაა — როგორც აღმოჩნდა, იმაზე მეტს და ხმამაღლა ვუსმენთ, ვიდრე წინათ. სწორედ ეს მიგნებები გახდა ანანოსა და მისი მეწყვილისთვის, ქოფირაითერ ჟოაო პარეირასთვის ამოსავალი წერტილი, რათა შეექმნათ Future Lions-ის პრიზიორი ნამუშევარი.

„ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ სფეროში, გამარჯვებულ პროექტებს რომ ვათვალიერებდი ხოლმე“, — გვიყვება ანანო Future Lions-ზე, — „მინდოდა, რაღაც მსგავსი მეც შემექმნა. ეს კონკურსი შედარებით ტექნოლოგიურია და, როგორც წესი, ინოვაციაზეა დაფუძნებული“.

Future Lions კანის ლომებზე საგანგებოდ სტუდენტებისთვის გამოყოფილი სექციაა, რომელშიც 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ. აპლიკანტებს ყოველწლიურად სხვადასხვა კომპანიის ბრიფი ეძლევათ სამუშაოდ. წელს ეს მუსიკის უდიდესი სტრიმინგ პლატფორმა Spotify იყო, რომელიც თავად ანანოსა და ჟოაოსაც განსაკუთრებით უყვართ. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, გამოიგონეს ფუნქცია EarSafe, რომელიც სმენის შემოწმების საშუალებას იძლევა.

„უამრავი იდეა გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით არცერთი მოგვწონდა, სანამ ეს იდეა სრულიად მოულოდნელად არ დაიბადა“, — იხსენებს ანანო, — „მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, სწორხაზოვანი არ იყო. თავდაპირველ იდეაში ბევრი ცვლილება შევიტანეთ, ნახევრად მზა ქეის-ვიდეოც მთლიანად წავშალეთ და თავიდან დავიწყეთ მასზე მუშაობა. თუმცა მთავარი ისაა, რომ ბოლომდე, ღამის თენებისას თუ პრობლემასთან ბრძოლისას, იდეა მაინც გვიყვარდა და პროექტსაც არა გამარჯვების გამო, არამედ, უბრალოდ, ჩვენთვის ვაკეთებდით“.

როგორც ანანო ამბობს,მისთვის გამარჯვება ნამდვილად მოულოდნელი იყო, მასზე მხოლოდ თუ ხუმრობდნენ: „უზარმაზარი კონკურენციის ფონზე, მოკლე სიაში მოხვედრაც კი დიდი მიღწევა და ბედნიერება იყო“.

თუმცა საბოლოოდ, გამარჯვება სწორედ ანანოს და ჟოაოს ერგოთ. ეს კი ქართველი არტ-დირექტორისთვის კიდევ უფრო დიდი, წარმატებებით სავსე გზის დასაწყისია.

თუ თქვენც გსურთ, გახდეთ საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული, დეტალური ინფორმაციის სანახავად და სხვა შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს: CSR.BOG.GE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები