გერმანული კომპანია „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ ევროპულ გემებზე 1000 მეტ ქართველს ლეგალურად დაასაქმებს, - ამის შესახებ bm.ge-ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სააგენტოსა და „ქოლუმბია შიპმენეჯმენტს“ (CSM) შორის მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო და შედეგად 2019-2020 წლებში საკრუიზო გემებზე ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება, სადაც მინიმალური ანაზღაურება 800 ევროთი განისაზღვრება.
„საპილოტე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. 24-25 ივნისს დამსაქმებლის უცხოელ წარმომადგენლებთან გასაუბრების მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არანაკლებ 50 კანდიდატი შეუერთდება „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ კუთვნილი საკრუიზო გემების პერსონალს”, - აცხადებენ სააგენტოში.
დასაქმების მსურველთა გასაუბრება უკვე დაწყებულია და 20 ივნისის ჩათვლით (11:00-18:00) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გაიმართება; შერჩეულ კადრებს კი, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის" წარმომადგენლები 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გაესაუბრებიან.
ცნობისთვის: ამ დროისთვის, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტს“ მსოფლიო მასშტაბით, 14 საკრუინგო კომპანია გააჩნია; ასევე ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს და აქვს 20 საკრუიზო გემი და იახტა.
კომპანიას 15,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ არ არის ერთადერთი კომპანია, ვისთანაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია AS Tallink Grupp-თან, რომელიც თავის საკრუიზო გემებზე ქართველი პერსონალის დასაქმებით დაინტერესებული.

























