მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანგარიშების დაყადაღება არაა მთავარი... სანამ შეგვეძლება, გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს - გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე

"ანგარიშების დაყადაღება არაა მთავარი... სანამ შეგვეძლება, გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" განაცხადა.

"დემოკრატიის მცველები" იმ 7 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას შორისაა, რომელსაც პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.

გიორგი მშვენიერაძე, ჯერჯერობით, გამოკითხვაზე არ ყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. „გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“ - ეწერა პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "იმედზე" გამოქვეყნებული სასაქონლო ზედნადებების თანახმად, საქმეში დევს "დემოკრატიის მცველების“ მიერ აქციების დროს შეძენილი 118 ცალი რესპირატორი (პირბადე), ჯამში, 457 ლარის.

„როგორ შეიძლება პირბადით იძალადო?! ერთი პოლიციელიც არ ჰყავთ იდენტიფიცირებული. 300-ზე მეტი ადამიანი აწამეს - შეყრიდნენ მიკროავტობუსებში გაკოჭილ ადამიანებს, აფურთხებდნენ, სცემდნენ და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ თურმე პირბადით ვძალადობდით და წინააღმდეგობას ვუწევდით პოლიციელებს“ - თქვა წერტილთან“ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარემ.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ სანამ ფიზიკურად შეძლებენ, ადამიანების უფლებების დაცვას გააგრძელებენ.

„თუკი ვინმეს წარმოუდგენია, რომ „დემოკრატიის მცველების“ ანგარიშზე ₾100 000-ები იყო, ცხადია, ასე არის. ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი, ძირითადად, ხმარდებოდა ოფისის იჯარას და კომუნალურ ხარჯებს, რათა იმ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე თვეებია მოხალისეობრივად მუშაობს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ჰქონოდათ სივრცე შეხვედრებისა და თანამშრომლობისთვის. რეალურად, ამ სივრცის მოკვლაზეა რეალურად საუბარი... მაგრამ ეგ არაა მთავარი, რადგან იდეა, რისთვისაც ვიბრძვით არსად წავა - სანამ ფიზიკურად შეგვეძლება ვიყოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, გავაგრძელებთ - თუკი ვინმეს ადვოკატი დასჭირდება და შეგვეძლება ადვოკატად გავყვეთ სასამართლოში, ისევ დავიცავთ; თუ ვინმეს დაჩაგრავენ - ამის შესახებ საზოგადოებას გავაგებინებთ; რეალურად, ჩვენი ძალა სიტყვაშია.

ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც ამოძრავებდა და ამოძრავებს ამ ქვეყნის განვითარების ინტერესი, ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესი, მთავარი საკითხი დაყადაღება არ არის. ჩემთვის მთავარია საქართველოს მოქალაქეების ყველაზე ხელშესახები სიკეთე, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობით მივიღეთ - უვიზო მიმოსვლა არ დავკარგოთ. ეს არის ყველაზე დიდი საკითხი, რაც უნდა გვაწუხებდეს, ვიდრე ფეიკ-გამოძიება, რომელიც პროკურატურაშია დაწყებული და სურთ, მთელი ყურადღების იმ მხარეს გადატანა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

წერტილთან“ ინტერვიუში მან ვრცლად ისაუბრა ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიულ კანონების მთავარ მიზანზე - საქართველოს იზოლაციაზე, რომელიც მისი თქმით, რუსეთის ინტერესს ემთხვევა.

ეს ქვეყანა მალე დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. თუ ეს არ მოხდა, ყველაფერი უკან დაგვრჩება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები