მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბარტას კონკურსში საპატიო ჯილდო მიიღო.
როგორც ორგანიზაციის ოპერაციების დირექტორი ეთო ჩაჩიბაია "ბიემჯისთან" საუბრისას აცხადებს, ემბისიში მიაჩნიათ, რომ ანგარიშგების წარმოების გარეშე კომპანიის წარმატება შეუძლებელია, ბოლო პერიოდში არსებულმა მდგომარეობამ კი ცხადყო, რომ ანგარიშგების გამჭვირვალობასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მისივე ცნობით, ბარტას კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ემბისიმ წლიურ ანგარიშს განსხვავებული კუთხით შეხედა, რის შედეგადაც საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და საუკეთესო მაგალითების დანერგვაც უფრო მარტივი გახდა.
“ფინანსური და არაფინანსური მონაცემების გაზიარება დღევანდელ რეალობაში პასუხისმგებლიანი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, არ აქვს მნიშვნელობა კომპანია დიდია, თუ - პატარა. ბარტაში მონაწილეობის შედეგად ჩვენ ახლებურად შევხედეთ წლიურ ანგარიშს, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მონაცემების გაზიარება, რადგან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის მართულობით ანგარიშზე და სტრატეგიულ ანგარიშზე. გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას, მსხვილი კომპანიების მაგალითები გადმოვიტანეთ, ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩვენი წლიური ანგარიში გავაუმჯობესეთ, რასაც არსებული შედეგები ცხადყოფს”, - დასძინა ეთო ჩაჩიბაიამ.
ცნობისთვის: „ემბისი“ (MBC) საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანიის მიზანს, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, 8 რეგიონში 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი, დაკრედიტების გზით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება, მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება წარმოადგენს.