ხელოვნური ინტელექტის შემქმნელმა სტარტაპმა, Anthropic-მა აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ადმინისტრაცია უსამართლო სადამსჯელო ღონისძიებებში დაადანაშაულა. საუბარია პენტაგონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ტექ-სტარტაპს საჯარო ტენდერებში მონაწილეობა შეეზღუდა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ გამოცხადდა.
განმარტებისთვის, ეს დადგენილება ომის დეპარტამენტმა მას შემდეგ გამოსცა, რაც Anthropic-მა უარი განაცხადა საკუთარ ხელოვნურ ინტელექტზე, Claude-ზე უსაფრთხოების ფილტრების მოხსნაზე და არ დართო პენტაგონს უფლება, მათი ტექნოლოგია ავტომატური იარაღისა და მასობრივი თვალთვალისთვის გამოეყენებინა.
Amazon-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანია ამტკიცებს, რომ ის მზად იყო სამხედრო უწყებებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა არა იმ პირობებით, რომლებსაც პენტაგონი სთავაზობდა. დარიო ამოედის სტარტაპში განმარტავენ, რომ კომპანიის „მიწოდების ჯაჭვის რისკად“ გამოცხადებას არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი, რადგან კომპანიას გავლილი აქვს უსაფრთხოების ყველა საჭირო ავტორიზაცია და მანამდე მას თავად ჰეგსეთიც უწონებდა თავის ფრთხილ და სწორ რეგულაციებს. კომპანია აცხადებს, რომ მთავრობის ქმედებები არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტს და აშშ-ის კონსტიტუციის პირველ და მეხუთე შესწორებებს.
მეორე მხრივ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ლიზ ჰასტონმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია არ დაუშვებს უძლიერეს არმიას კერძო კომპანიამ უკარნახოს მუშაობის წესები. მისი თქმით, ამერიკული ძალები არ იქნებიან ტექნოლოგიური ლიდერების „იდეოლოგიური ახირებების მძევალი“ და იხელმძღვანელებს კონსტიტუციით და არა რომელიმე კომპანიის მომსახურების პირობებით. Anthropic-ის სარჩელი ამჟამად კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
შეგახსენებთ, დაპირისპირება 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც თავდაცვის დეპარტამენტმა მოითხოვა, რომ Claude-ის გამოყენება „ნებისმიერი კანონიერი მიზნისთვის“ ყოფილიყო დაშვებული, რაზეც კომპანიამ უარი ორი ძირითადი პუნქტის გამო თქვა: Claude-ი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ადამიანის ზედამხედველობის გარეშე ლეტალურ ავტონომიურ საბრძოლო მოქმედებებსა და ამერიკის მოქალაქეების მასობრივ თვალთვალში. Anthropic-ი ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი აღნიშნული მიზნებისთვის არ არის გამოცდილი და მისი ამგვარი გამოყენება საფრთხის შემცველია.



























