ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Anthropic-მა ახალი ინიციატივა, Project Glasswing-ი დააანონსა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს წვდომას აძლევს მის უახლეს და ჯერ კიდევ გამოუშვებელ მოდელზე – Claude Mythos Preview. პროექტში მონაწილეობენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა Amazon-ი, Microsoft-ი, Apple-ი, Google-ი, Nvidia, CrowdStrike-ი და Palo Alto Networks-ი. ინიციატივის მიზანია მოწინავე მოდელის გამოყენება თავდაცვითი კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად.
Anthropic-ის ინფორმაციით, Mythos Preview-მ უკვე აღმოაჩინა ათასობით კრიტიკული ხარვეზი ოპერაციულ სისტემებში, ბრაუზერებსა და სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში. სტარტაპი გეგმავს, რომ კვლევის შედეგები მთელ ინდუსტრიას გაუზიაროს. გარდა ამისა, კომპანიამ გამოყო $100 მილიონი კრედიტების სახით და $4 მილიონის დონაცია ღია კოდის უსაფრთხოების ჯგუფებისთვის, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საქმეში დამოუკიდებელი დეველოპერები ჩაერთონ და პროდუქტი უფრო ეფექტური გახადონ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნულ დაანონსებას წინ უძღოდა გასულ თვეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ Claude Mythos-ი გარკვეულ უსაფრთხოების რისკებსაც შეიცავდა. სან-ფრანცისკოში გამართულ RSA-ს კონფერენციაზე კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აქტიურად მსჯელობდნენ იმაზე, რამდენად საკმარისია ტრადიციული ინსტრუმენტები AI-ზე დაფუძნებული თავდასხმების მოსაგერიებლად.
ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ Anthropic-ი მოდელის შესაძლებლობებთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს აშშ-ის მთავრობასთანაც გადის.
ცნობისთვის, სტარტაპის საბოლოო მიზანი Mythos-ის კლასის მოდელების ფართო მასშტაბით უსაფრთხო დანერგვაა. IBM-ისა და Palo Alto Networks-ის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული 1,000 აღმასრულებელი დირექტორის 67% აცხადებს, რომ მათი კომპანიები გასულ წელს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით განხორციელებული კიბერშეტევების სამიზნე გახდნენ.




























