ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე წამყვანი ამერიკული სტარტაპის, Anthropic-ის კაპიტალიზაცია $380 მილიარდამდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, დაფინანსების ბოლო რაუნდის ფარგლებში მასში $30 მილიარდის ინვესტიცია ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიებმა, D. E. Shaw Ventures-მა, ICONIQ-მა და ტექნოლოგიურ მიმართულებაზე ორიენტირებულმა საამიროების საინვესტიციო კომპანია MGX-მა ჩადეს. დაფინანსების რაუნდში მცირედი წვლილი შეიტანეს Anthropic-ის სტრატეგიულმა პარტნიორებმა, Microsoft-მა და Nvidia-მაც.
აღსანიშნავია, რომ დარიო ამოდეისა და მისი მეგობრების მიერ დაფუძნებული AI სტარტაპი თავის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა, რადგან მისი ფისკალური შემოსავლები უკვე $14 მილიარდამდეა გაზრდილი, რაც განპირობებულია იმით, რომ Anthropic-ი სრულ აქცენტს კორპორაციებზე აკეთებს.
მისი მომხმარებლის მხოლოდ 20%-ია კერძო პირი. სხვადასხვა კერძო კომპანია თუ საჯარო უწყება Anthropic-ის შექმნილ AI მოდელს, კოდის წერისთვის, იურიდიული დოკუმენტების გაშიფვრის, მონაცემების ანალიზისა და საბუღალტრო საქმიანობისთვის იყენებს. ის ასევე პირდაპირ კონკურენციაშია შესული ცნობილ AI სტარტაპ OpenAI-სთან, რომელიც ChatGPT-ს ავითარებს. ამჟამად Anthropic-ის კაპიტალიზაცია $380 მილიარდს აღწევს, გასული წლის სექტემბერში კი შეფასება $180 მილიარდს არ აღემატებოდა.
ცნობისთვის, დღეს ყველაზე მეტად შეფასებული კერძო AI კომპანია სწორედ სემ ოლტმენის OpenAI-ა, თუმცა მისი შემოსავლიანობა ინვესტორებს კითხვის ნიშნებს უჩენს. აღსანიშნავია, ისიც, რომ Anthropic-ი სხვა მოდელებისაგან განსხვავებულ, ეთიკურ ასისტენტებსა და აგენტებს ქმნის, რომლებსაც მკაცრად აქვთ განსაზღვრული, რომ არ შევიდნენ მომხმარებელთან ისეთ კომუნიკაციაში, რომელმაც მათ რამე სახის საფრთხე შეიძლება შეუქმნას, ან არ ესაუბრონ იმდენად არაფორმალურად, რომ მომხმარებელს რეალურ ადამიანსა და AI მოწყობილობას შორის განსხვავების შეგრძნება გაუქრონ. ცნობისთვის, OpenAI ამ კუთხით კომუნიკაციის გამო სერიოზულ პრობლემებში უკვე გაეხვია. სემ ოლტმენის სტარტაპს დღემდე უჩივის ამერიკელი არასრულწლოვნის ოჯახი, რომლის მტკიცებითაც, სუიციდისკენ მიდრეკილ მოზარდს თავის მოკვლისაკენ სწორედ ChatGPT-სთან კომუნიკაციამ უბიძგა. Anthropic-ი ამჟამად ბაზარზე ერთადერთი სტარტაპია, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ფულს ხარჯავს და ცდილობს, ისეთ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, რომლებიც AI ინდუსტრიის მეტ რეგულირებას ჰპირდებიან ამომრჩევლებს.




























