ავსტრალიის სენატის საგამოძიებო კომიტეტმა OpenAI-სა და Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორებს საჯარო მოსმენაზე გამოცხადება ოფიციალურად მოსთხოვა. არსებული ინფორმაციით, სემ ოლტმენისა და დარიო ამოდეის დაბარება OpenAI-ს ჩეთბოტის მიერ ჯანდაცვის ეროვნული სისტემა Medicare-ის ბაზაში უნებართვო შეღწევამ განაპირობა. Reuters-ის ცნობით, ეს ინციდენტი აშშ-ის ფარგლებს გარეთ ხელოვნური ინტელექტის აგენტის მიერ სამთავრობო სისტემაზე განხორციელებულ ყველაზე გახმაურებულ შეტევად იქცა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ მომხდარს დაუშვებელი უწოდა და სემ ოლტმენთან პირად საუბარში შეშფოთებაც გამოხატა.
აღსანიშნავია, რომ სენატის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სარა ჰანსონ-იანგმა ტექნოლოგიური გიგანტების ლიდერებს კანბერაში დაგეგმილ საჯარო მოსმენაზე დასასწრებად ოფიციალური წერილები უკვე გაუგზავნა. ავსტრალიელი სენატორის განცხადებით, სემ ოლტმენტმა სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ დასმულ მწვავე შეკითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს. ჰანსონ-იანგის თქმით, ამ კომპანიების ხელმძღვანელები სენატის წინაშე პირისპირ უნდა წარდგნენ და ინდუსტრიის ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულირების შექმნაზე იმსჯელონ.
ცნობისთვის, სენატის საგამოძიებო კომისია ამჟამად ხელოვნური ინტელექტის თავდასხმის ფონზე გამოწვეულ შედეგებს დეტალურად სწავლობს და ცდილობს დაადგინოს, რა გავლენა ჰქონდა ამას ადგილობრივ საზოგადოებაზე.
საყურადღებოა, რომ OpenAI-სა და Anthropic-ის წარმომადგენლებს სენატის მიერ გაგზავნილ წერილებზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. OpenAI-ს განმარტებით, ტექნოლოგიურმა გუნდმა ივნისში მომხდარი უნებართვო შეღწევის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ აგვისტოში მიიღო. კომპანიის მტკიცებით, ჩეთბოტის მოქმედება მიზანმიმართული არ ყოფილა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება არ დარღვეულა.
























