მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Anthropic-მა $20 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო - სტარტაპის შეფასება $350 მილიარდი გახდება

Anthropic

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე წამყვანი ტექნოლოგიური სტარტაპის, Anthropic-ის დაფინანსების მომდევნო რაუნდი მომავალ კვირას დასრულდება. როგორც Bloomberg-ი წერს, ამჯერად კომპანიამ მისთვის რეკორდული მოცულობის, $20 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. მას შემდეგ, რაც ინვესტორებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები დასრულდება და ინვესტიცია ოფიციალურად გაფორმდება, Anthropic-ის შეფასება $350 მილიარდამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ახალი რაუნდის გამოცხადებისას Claude-ის ჩეთბოტის შემქმნელი სტარტაპი მოელოდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში $10 მილიარდის კაპიტალის მოზიდვას შეძლებდა, თუმცა მისით ტექ-ინდუსტრიის არაერთი მსხვილი მოთამაშე, ასევე მსხვილი საინვესტიციო კომპანია დაინტერესდა. შესაბამისად, Anthropic-ის კაპიტალიზაცია ნავარაუდევზე ორჯერ მეტით გაიზარდა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მეტი რესურსი ჩადონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე.

შეგახსენებთ, ეს ის სტარტაპია, რომლის მიერ შექმნილმა 11-მა AI აგენტმაც გასული კვირის განმავლობაში ტექნოლოგიურ სამყაროში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და ბაზრიდან $350 მილიარდის კაპიტალიზაციის გაქრობა გამოიწვია. საუბარია Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის დამხმარე მოწყობილობებზე, რომლებიც იურიდიულ, საბუღალტრო და, ზოგადად, ე.წ. თეთრსაყელოიანთა საქმიანობებს მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის, რადგან დოკუმენტების გაცნობასა და დამუშავებას გაცილებით მოკლე პერიოდში ასრულებს, ვიდრე თანამშრომელთა მთელი ჯგუფი. ანალიტიკოსების შეფასებით, Anthropic-ის შეფასება მომავალ თვეებსა თუ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან, განსხვავებით სხვა მსხვილი კონკურენტებისაგან, როგორებიც OpenAI-ს ChatGPT, Google-ის Gemini და xAI-ს Grok-ია, ის გაცილებით უსაფრთხოა. მკაცრად აქვს გაწერილი ნორმები და კონცენტრირებულია მომხმარებლისთვის ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო სერვისების ეთიკურ ფარგლებში შეთავაზებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები