პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ანტიდემპინგური კანონპროექტის მიღებას ემხრობა. როგორც კაკულია ამბობს, ანტიდემპინგურ კანონმდებლობას ისეთი ქვეყნებიც იყენებენ, რომლებიც უფრო მეტად არიან თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული, ვიდრე საქართველო და ეს პრობლემას არ ქმნის.
„ამ საკითხზე ჩემი ბოლო განცხადების შემდეგ, ბევრი ცვლილება მოხდა, პრემიერმინისტრების, მინისტრების... ახალი რეალობაც არის, თუმცა, ასევე დაემატა არგუმენტები მეწარმეთა მხრიდან - მოთხოვნით, რომ უფრო მკაფიო და ქმედითუნარიანი იყოს სახელმწიფოს ჩარევა, მოდით ამ დროისთვის ეჭვი დავარქვათ, სადემპინგო პროდუქციასთან დაკავშირებით.
ბოლოს და ბოლოს, ეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული კანონმდებლობაა და ჩვენს გაცილებით თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ქვეყნები იყენებენ ამ კანონმდებლობას. თავისთავად კანონმდებლობის არსებობაში ვერ ვხედავ წინააღმდეგობას. პრინციპში არც არასოდეს ვხედავდი, უბრალოდ გამოწვევების ანალიზიც მიმდინარეობდა, რაც ამ კანონს აქვს. მაგრამ ვიხრები იმის სასრგებლოდ, რომ ეს კანონმდებლობა უნდა მივიღოთ“,- აცხადებს კაკულია და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ის კონსულტაციების გააქტიურებას ეკონომიკის მინისტრთან გეგმავს.
„უნდა ჩამოვყალიბდეთ უკვე, ძალიან გაგვიგრძელდა ამ საკითხზე საუბარი“,- აცხადებს რომან კაკულია.