მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიდემპინგური კანონის აღმასრულებელი, შესაძლოა ეკონომიკის სამინისტრო იყოს

589480a8a0e09
დავით ჯალაღონია
03.02.17 17:05
1639
კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი სლავა ფეტელავა არ გამორიცხავს, რომ ანტიდემპინგური კანონის აღმასრულებელი ეკონომიკის სამინისტრო იყოს.

როგორც სლავა ფეტელავამ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მართალია არსებულ კანონპროექტში ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებში მოიაზრება, მაგრამ შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

"ევროპული გამოცდილებით, ადრე კონკურენციის ორგანოებს ეს ფუნქციები ჰქონდათ, მაგრამ დღეს აღარ აქვთ. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ამ კანონპროექტში მაქსიმალურად აისახოს აღსრულების მექანიზმები - კანონქვემდებარე აქტებით კი არ მოხდეს აღსრულების მექანიზმების გაწერა, არამედ მაქსიმალურად იყოს გაწერილი კანონში, რადგან ეს ძალიან სპეციფიური საკითხია და სჯობს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების წესებიდან გამომდინარე, რისი გაწერაც შეიძლება კანონში, კანონის დონეზე იყოს დავალდებულებული", - განაცხადა ფეტელავამ და დასძინა, რომ მისი აზრით, დემპინგთან მიმართებაში კანონი მისაღებია.

"აქ ერთადერთი მომენტია გასარკვევი - დემპინგთან დაკავშირებით რომელმა სახელმწიფო ინსტიტუტმა იმუშაოს. არ არის გამორიცხული ეს ეკონომიკის სამინისტრო იყოს, რადგან ჩვენ ვაჭრობის სამინისტრო არ გვაქვს და ეს ვაჭრობის სამინისტრო დღეს ეკონომიკის სამინისტროშია გაერთიანებული", - აღნიშნა ფეტელავამ.

შეგახსენებთ, რომ ანტიდემპინგური კანონის შესამუშავებლად მთავრობა თითქმის ორი წელია, მუშაობს და მისი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა. კანონპროექტის მიხედვით, საქონლის დემპინგური იმპორტისას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელსაც კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები