საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა უნდა ჰქონდეს თუ არა ქვეყანას მსგავსი კანონმდებლობა, ამაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პროცესები დაიძრა მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა ბაზრის დაცვის ღონისძიებების ამოქმედება მოითხოვა.
მათ შორის ყველაზე აქტიურები იყვნენ „რუსთავის ფოლადი“ და „ჰაიდელბერგ ცემენტი“, რომელთაც განაცხადეს, რომ ქართულ ბაზარზე ირანული კომპანიები დემპინგური ფასებით ოპერირებენ.
მას შემდეგ, რაც საკითხზე მსჯელობა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დაიწყო, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს მიიღოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, თუმცა მინისტრმა ისაუბრა ასევე კანონის აღსრულების სირთულეებზეც.
პროცესი სამუშაო ფორმატს არ გამცდარა და ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს პარლამენტში „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის“ ინიცირება არ მოუხდენია.
ეფექტური საკანონმდებლო და რეგულაციური სისტემის შემოღებისკენ მთავრობას არამარტო ბიზნესი, არამედ ევროკავშირიც მიუთითებს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არეგულირებს ვაჭრობაში დაცვითი, ანტიდემპინგური და სუბსიდიების საწინააღმდეგო ზომების გამოყენების პირობებს.
ვაჭრობაში დაცვითი ზომების გამოყენების შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შესაბამისი ხელშეკრულებებით.
ევროკავშირში ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად დიდი ხანია ანტიდემპინგური კანონმდებლობა მოქმედებს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არეგულირებს ვაჭრობაში დაცვითი, ანტიდემპინგური და სუბსიდიების საწინააღმდეგო ზომების გამოყენების პირობებს.
განსაზღვრულია, რომ დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურებით გამოიყენონ ვაჭრობაში დაცვითი ზომები.
მხარე, რომელიც იწყებს დაცვით ზომებთან დაკავშირებულ მოკვლევას, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნული მოკვლევის დაწყების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია არსებითი ეკონომიკური ინტერესი. მხარე მიჩნეულია არსებითი ეკონომიკური ინტერესის მქონედ იმ შემთხვევაში, თუ იგი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფება იმპორტირებული საქონლის ხუთ უდიდეს მიმწოდებელს შორის, რაც გამოითვლება აბსოლუტური მოცულობით ან ღირებულებით.
მხარემ შესაძლოა არ გამოიყენოს ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო ზომები, თუ მოკვლევის დროს არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ნათლად შეიძლება იმის დადგენა, რომ ამგვარი ზომების გამოყენება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს.