ეკონომისტი ირაკლი მაკალათია საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდბელობის შემოღებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ეს არათუ ხელს შეუწყობს ლოკალური ბიზნესის განვითარებას, არამედ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ ოლიგოპოლიას გააჩენს.
მაკალათია ამბობს, რომ იმპორტიორი კომპანიებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის ფასს გაზრდის, რაც მძიმე ტვირთად მოსახლეობას დააწვება.
„დაუკვირვებელი თვალისთვის ანტიდემპინგური კანონი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, წახალისება და განვითარება, თუმცა, საპირისპირო შედეგებს ვიღებთ.
რეალურად ანტიდემპინგური კანონის მიღება ნიშნავს, რომ მოსახლეობას მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება ეს კანონი, ხოლო ბაზარზე მოქმედ მონოპოლისტ კომპანიებს შეუქმნის სასათბურე პირობებს. კანონი გულისხმობს, რომ იმისთვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას, უნდა მოხდეს იმპორტირებული პროდუქტებისთვის ფასების ხელოვნურად აწევა, რაც შესაბამისად, გაზრდის პროდუქტებზე ფასებს და ქვეყანაში არსებული ადგილობრივი მწარმოებელბი თავს იგრძნობენ კომფორტულად, თვითონ დააწესებენ ფინანსური თამაშის წესებს, რადგან იგრძნობენ, რომ კონკურენტები აღარ ჰყავთ, ისინი ბაზარზე შემოვლენ მაღალი ფასებით. შედეგად მივიღებთ იმას, რომ გვექნება ადგილობრივი წარმოება, რომლსაც ექნება უხარისხო პროდუქცია და მაღალი ფასები, რაც მძიმედ დააწვება მოსახლეობას“,- აცხადებს ეკონომისტი.
შეგახსენებთ, საქართველოს ცემენტის ასოციაცია ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებას ითხოვს. დემპინგური ფასით ბაზარზე ოპერირება ნიშნავს, რომ კომპანია პროდუქციას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის, იმისთვის რომ კონკუტენტები ჩაძიროს. ანტიდემპინგური კანონი კი ამის საწინააღმდეგოდ კონკრეტული ზომების გატარებას ითვალისწინებს. ქართული ბიზნესის ნაწილი ამ კანონდებლობის შემოღებას წლებია ითხოვს.

























