ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონპროექტის ინიციარებას პარლამენტში მომავალ კვირას მოახდენს. ამის შესახებ bm.ge-თან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს. ეს ინფორმაცია კომიტეტში მოსმენისას გუშინ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც დაადასტურა.
ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის თანახმად, ღონისძიებების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაევალება, რომელიც უფლებამოსილი იქნება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმოს მისი ნამდვილობა მასში ეჭვის შეტანის შემთხვევაში და შესწავლის შედეგების საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასკვნა წინასწარი, ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის, გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.
პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძველი შეიძლება იყოს დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიაზე მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და მიყენებულ ზიანს შორის.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიებების შესწავლის მიმართულებით, დღეს სპეციალისტები არ ჰყავს, თუმცა სამომავლოდ კადრების აყვანა იგეგმება.
"ადამიანური რესურსის თავიდან დაკომპლექტება მოგვიწევს, ანუ ახალი თანამშრომლების აყვანა და ამ კუთხით სპეციალური ცოდნის შეძენა. მსოფლიო ორგანიზაციისგან გვაქვს თანხმობა, რომ კადრები სპეციალურად გადამზადდებიან და შემდეგ კანონის აღსრულების მიმართულებით სააგენტო სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს.
6–თვიან გარდამავალ პერიოდს ვვარაუდობთ, მას შემდეგ, რაც მივიღებთ კანონს და შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდი გვექნება იმისათვის, რომ ავიყვანოთ თანამშრომლები და შემდეგ დავატრენინგოთ", - განაცხადა გენადი არველაძემ.

























