"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" "რუსული კანონის" რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციას არ აპირებს, - ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონი არაკონსტიტუციურია, თავად კი გეგმავენ, კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩნენ.
"ეს კანონი, რუსული კანონი ემსახურება საქართველოში "რუსული კანონის" გაძლიერებას და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას. თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას მის წინააღმდეგ, რომ რეალურად "რუსული კანონი" არ ამუშავდეს საქართველოში. ამიტომაც, როგორც სასამართლოში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ ვეცდებით ყველა მეთოდი გამოვიყენოთ, რომ ეს კანონი არ ამუშავდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ იმ მოთხოვნების დამორჩილებას, რასაც ეს კანონი გულისხმობს.
ჩვენ, ვემორჩილებით საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციას, რომელიც გვაძლევს უფლებას ვიმოქმედოთ ასე [არ დავრეგისტრირდეთ]. ეს კანონი უკანონო, ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ, ანტიკონსტიტუციურ კანონს არ ვემორჩილებით", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, "რუსული კანონის" რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.