მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ბიურო ბიუჯეტს ვერ ითვისებს - 9 თვეში ₾11 მლნ უნდა დაეხარჯა, დახარჯა - ₾6.5 მლნ

რაჟდენ კუპრაშვილი

სსიპ ანტიკორუფციული ბიურო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებას ვერ ხარჯავს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, 9 თვეში ანტიკორუფციულ ბიუროს 11,025,000 ლარი უნდა დაეხარჯა, მაგრამ 6,543,885 ლარი აითვისა ანუ გადახრა 4,481,114 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, სამ კვარტალში, უშუალოდ შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხაც ვერ აითვისა - კერძოდ, 9 თვეში ხელფასებზე 4,027,000 ლარის დახარჯვა ჰქონდათ გაწერილი, მაგრამ 2,175,601 ლარი დახარჯეს.

საქართველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროში მომუშავეთა რიცხოვნობა წელს 121 კაცითაა განსაზღვრული, რაც ნიშნავს თანამშრომელთა რაოდენობის ზედა ჭერს, თუმცა შესაძლებელია, ბიუროში, ფაქტობრივად, ნაკლები მუშაობდეს.

რატომ ვერ დახარჯა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისთვის შექმნილმა სსიპ-მა ცხრა თვის გეგმით გაწერილი ბიუჯეტი, მათ შორის, შრომის ანაზღაურების ნაწილში - BMG-მ შესაბამისი კითხვებით რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ მიმართა და ახსნა-განმარტებებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ქევხიშვილი ვარაუდობს, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს საჭირო კადრებით დაკომპლექტებას ვერ ახერხებს და სწორედ ამიტომ უჭირს სსიპ-ს გამოყოფილი თანხების ათვისებაც.

მისივე შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციას - ბრძოლას კორუფციასთან, რადგან უწყება დამოუკიდებელი არ არის და პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს, რასაც არაკომპეტენტურობაც ემატება.

ანტიკორუფციულ ბიუროს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს - წლიური დაფინანსება 13 მლნ ლარია და ბიუროს შეუძლია, 100-ზე მეტი [121] თანამშრომელი ჰყავდეს, მაგრამ ამდენი არ ჰყავს. ანტიკორუფციული ბიურო ვერ ხარჯავს თავის ბიუჯეტს. რაჟდენ კუპრაშვილმა ვერ შეძლო, აეწყო ნორმალური სისტემა და როგორ შეძლებდა?! თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს არის პოლიტიკურად დამორჩილებული, რეპრესიებისთვის გამოსაყენებული ინსტიტუცია. თუ გინდა, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ააწყო, ხომ უნდა აიყვანო შესაბამისი ადამიანები, ვინც მზად არის, კორუფციას ებრძოლოს და ვინ მივა ისეთ ორგანიზაციაში კორუფციასთან საბრძოლველად, სადაც ყველამ იცის, რომ ანტიკორუფციულ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვთ; როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხომ?! ამიტომ იქ არავინ ნორმალური არ მივა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბიუროს კომპეტენციასთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვები“, - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ: გენერალური პროკურატურის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდა. სამი თვის წინ, 24 ივლისს კი, რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებდა, რომ ექსპრემიერის დეკლარაციამ მონიტორინგი გაიარა და არანაირი დარღვევა არ გამოუვლენიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები