ანტიკორუფციული ბიურო წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების მიზნით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იწვევს.
უწყება კომისიაში გაწევრების პირობებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ 2-ჯერ.
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული მე-8 მუხლის თანახმად აკადემიური წრის წარმომადგენელი კომისიის წევრი უნდა იყოს პირი:
ა) რომელიც არ არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი;
ბ) რომლის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა/არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) რომელიც არ არის სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისიაში გაწევრების მსურველი კანდიდატების განცხადება, ასევე ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატის ან ზემოაღნიშნულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, უნდა გაიგზავნოს სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა.




























