მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ბიურო სრულ ინფორმაციას, მათ შორის ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს - ISFED

ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო მათგან ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემების გადაცემას ითხოვს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ თავის დასაცავად სამართლებრივი მექანიზმების სრულ გამოყენებას გეგმავს.

„დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვაწოდა სასამართლოს ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს ფაქტობრივად სრულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში. ეს მონაცემები მოიცავს ბენეფიციარებს, პარტნიორებს და პროფესიულ საიდუმლოებად მიჩნეულ საადვოკატო ინფორმაციის ნაწილსაც“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED-ის თქმით, მსგავსი მოთხოვნები სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს და ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური კანონების გამოყენებით სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მოქმედებს.

„ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებს. ბიურო ეყრდნობა კანონებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, „გრანტების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რატომ სჭირდება ამ მოცულობის და ხასიათის ინფორმაცია“, — აცხადებს ორგანიზაცია.

18 და 19 ივნისს სასამართლოს ანალოგიური ბრძანებები კიდევ შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო. მათ შორის არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“, „საფარი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს მომავლის აკადემია“, „მედიის განვითარების ფონდი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბიუროს მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გასაცემად სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ გეგმავენ ამ ინფორმაციის გადაცემას.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფორმაციის გამოთხოვა უკავშირდება ამ ორგანიზაციებში შესაძლო პოლიტიკური საქმიანობის გამოვლენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები