მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანზორ მელია: გუშინ 200 000 ლარის კრედიტი ავიღე, რომ ხელფასები გავცე

5e0486bcd8eec
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.19 15:36
2279

"გუშინ 200,000 ლარის კრედიტი ავიღე, რომ ხელფასები გავცე, 2 თვეა არ გამიცია ხელფასი", - განაცხადა BM.GE-ისსთან საუბრისას კლინიკა „გულის“ მფლობელმა ანზორ მელიამ.

როგორც მელია განმარტავს, მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული დავალიანებაა, რომელიც 1.5 მლნ ლარს აჭარბებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ივნისის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხები არ ჩაურიცხია. ივნისშიც ნახევარი ჩაგვირიცხეს. როდესაც კარდიოქირურგია არ გვქონდა, დიაგნოსტიკური ცენტრი ჩემთან ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და ვაგროვებდით თვის განმავლობაში ამ ხელფასს, მაგრამ კარდიოქირურგია რომ გავხსენით, ძალიან ბევრი ხარჯია და ამბულატორიული მომსახურებიდან შემოსული თანხის ნაწილი მიდის ამის დაფარვაზე, ამიტომ 2 თვეა ხელფასს ვერ ვაგროვებ და გვაქვს ჩავარდნები“, - განაცხადა კლინიკა „გულის“ მფლობელმა.

ანზორ მელიას თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გარკვეული დათმობები გაკეთდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კლინიკამ გამართულად იმუშაოს.

„520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია და წაგებაზე მივდივართ. მწვავე-გადაუდებელ პროცედურებს ვაკეთებთ, მაგრამ ახლა მოგვცა უფლება პრემიერ-მინისტრმა, რომ ავადმყოფმა აირჩიოს ექიმი და თან პაციენტს უფლება აქვს ჰონორარის სახით ექიმს თანხა გადაუხადოს და ეს გვყოფნის ხარჯებისთვის; სპეციალურად გვაქვს ვიაიპი პალატა, სადაც პაციენტს ქირურგის არჩევა შეუძლია და ეს შემოსავალი არ მიდის ქირურგთან, არამედ მიდის ხარჯებში. თუ კლინიკას 5% მაინც არ ექნება მოგება, ის ვერ განაახლებს ამ ძვირადღირებულ აპარატურას“, - ამბობს ანზორ მელია.

BM.GE-ის კითხვაზე - რას აპირებს კლინიკის მფლობელი მომავალში იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო დავალიანებას არ დაფარავს, „გულის“ ხელმძღვანელი ამბობს: „მომავალ თვეს კრედიტს უკვე აღარ მომცემენ. ალბათ ისევ პრემიერ-მინისტრს მივმართავთ ჯერ იმიტომ რომ ძალიან კარგად მიგვიღო პრემიერმა და გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები