2026 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ბიზნესომბუდსმენი გადაინაცვლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე, საიდანაც განახორციელებს დარჩენილ უფლებამოსილებებს - ამის შესახებ კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომელიც ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითვალისწინებს.
თუმცა, საქმე ის არის, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.
2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად წყვეტს არსებობას.
რა იცვლება სტრუქტურულად?
- 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები;
- ბიზნესომბუდსმენის აპარატი ლიკვიდირდება. თანამშრომლებს, მათ შორის ომბუდსმენსა და მის მოადგილეებს, ენიჭებათ 3-თვიანი კომპენსაცია;
- ქონების გადანაწილება: მთავრობა განსაზღვრავს ლიკვიდირებული აპარატის ქონების, დოკუმენტაციისა და მატერიალური ბაზის გადანაწილების წესს.
კანონპროექტის ფინანსური ეფექტი
"ოცნების" წევრები ელიან, რომ ინსტიტუტის გაუქმებას მნიშვნელოვანი ფინანსური დადებითი გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე:
| ფინანსური მაჩვენებელი | ოდენობა |
| სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვა (წლიური) | ≈ 797,750 ლარი |
| საშემოსავლო გადასახადის შემცირება (კომპენსაციის გამო) | ≈ 121,350 ლარი |
კომპენსაციის ხარჯები დაფინანსდება მთავრობის ადმინისტრაციის არსებული ასიგნებებიდან.
კანონის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები დღეს უკვე სრულად არის ათვისებული და გაძლიერებულია შემდეგ უწყებებში:
- ეკონომიკის სამინისტრო და მისი სააგენტოები („აწარმოე საქართველოში“): ახორციელებენ ბიზნეს-საპროცესო და საკომუნიკაციო მხარდაჭერას.
- ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო: წარმოადგენს მეწარმეთა საგადასახადო და საბაჟო გადაწყვეტილებებზე ეფექტური რეაგირების პლატფორმას.
- ეროვნული ბანკი და მარეგულირებელი ორგანოები: ძლიერი ზედამხედველობა უზრუნველყოფს ბაზრების სტაბილურობას, რაც დამატებით შუამავალ რგოლს გამორიცხავს.
- პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი: აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკის ფორმირებასა და ზედამხედველობაში, რაც ბიზნესის ინტერესების დაცვის საშუალებას იძლევა.
კანონი, რომელიც დაჩქარებული წესით არ განიხილება ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.




























