მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აპარტამენტების კანონპროექტი" რუსების მიერ არის შედგენილი, რომ სწორედ რუსებმა იყიდონ ბინები - ჯემალ გამახარია

გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, ელოდებიან, რომ ე.წ. პარლამენტში იქნება ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა და ოპოზიციამ გადაწყვიტა, მოიაროს ყველა საარჩევნო ოლქი, ჩაატარონ საპროტესტო აქციები და მაჟორიტარ დეპუტატებს ათქმევნონ ამ მიტინგებზე, რომ ამ კანონს მხარს არ უჭერენ.

მისივე თქმით, არაერთმა ე.წ. დეპუტატმა თქვა უარი კანონპროექტზე, თუმცა არ არის ცნობილი, თუ რას იზამენ ისინი, საბოლოოდ დე ფაქტო პარლამენტში.

„ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია 10 ათასამდე აპარტამენტის მშენებლობა, თითოეული აპარტამენტისთვის 1 ჰა მიწა გამოიყოფა. თუ ეს აპარტამენტები აშენდა, ჩათვალეთ, რომ 99%-ს რუსები იყიდიან, რაც თავისთავად ნიშნავს საშუალოდ 90 ათასზე მეტი ადამიანის ჩასვლას აფხაზეთში. იქ თითქოს ამბობენ, რომ ქართველების შესასყიდად შენდება ბინები, თუმცა სინამდვილეში, კანონპროექტი რუსების მიერ არის შედგენილი და სწორედ იმისთვის არის, რომ რუსებმა იყიდონ ბინები. გარდა ამისა, არსებობს შეთანხმება, რომელიც ჯერ მიღებული არ არის, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ისინი ცოტა ხანში აფხაზეთის მოქალაქეები გახდებიან“, - თქვა ჯემალ გამახარიამ.

მისი შეფასებით, საფრთხეა ასევე დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა და რუსების მხრიდან უპირატესობის მოპოვება.

„ამას კიდევ უფრო მეტი სიმწვავით გააპროტესტებენ ალბათ, თუმცა სამწუხაროდ, კანონპროექტს მხარდამჭერიც ბევრი ჰყავს“, - თქვა მან.

ინფორმაციისთვის, 17 ივლისს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. განხილვაში ბჟანია პირადად მონაწილეობდა. კანონპროექტი ამ ჯერზე ინიციირებულია სამი დე ფაქტო დეპუტატის - გერმან კაჭარავას, ასლან აკაბასა და ბესლან ემურხბას მიერ და ის გულისხმობს:

აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას 150 ჰექტარ ფართობზე;
საპილოტო პროექტი მოიცავს 10 ათასი ნომრის მშენებლობას [თუმცა ოპონენტები 12 ათასზე მეტ ნომერს ითვლიან];
ეს არ იქნება მუდმივად საცხოვრებელი ბინები - არამედ სასტუმროს ტიპის ნომრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები