“ეროვნული ბანკი კვლავაც თანმიმდევრულია, არის დრო გამკაცრების და არის დრო შერბილების” - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელი ეკონომიკური ვითარება რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობას არ იძლევა.
“დღესდღეობით ეკონომიკური ვითარება ასეთია: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია, საკრედიტო აქტივობა ზომიერი ტემპით იზრდება, საბანკო სისტემა ჯანსაღია და ხასიათდება კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლებით, აქტივების ხარისხი გაუმჯობესებულია და უმოქმედო სესხების დონეც ისტორიულად დაბალია - ამ ეტაპზე ჩვენ შემდგომი გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავთ. პირიქით, ჩვენი საზრუნავია, უფრო წავახალისოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საფინანსო სექტორში კონკურენცია და ა.შ.
ჩვენი გადაწყვეტილებებიც საკმაოდ დაბალანსებულია. ყოველი ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს ვითვალისწინებთ, რომ ამან არ უნდა იქონიოს ნეგატიური გავლენა ზოგად ფინანსურ სტაბილურობაზე და ჩვენ ასეთი დაბალანსებული ზომები მივიღეთ. ეს პროცესი გაგრძელდება, სხვა ტიპის რეგულაციებსაც განვიხილავთ და მოგახსენებთ ოპერატიულ რეჟიმში”, - ამბობს ნათია თურნავა.
რაც შეეხება დეველოპერული კომპანიებისათვის ფინანსური რეგულაციების შერბილებას, ნათია თურნავას თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ გრძელდება.
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დეველოპერების სახელით დააყენა საკითხი, ხომ არ არის დრო, ამ სექტორის დაფინანსების საკმაოდ მკაცრი სტანდარტების გადახედვა მოხდეს. ჩვენ ძალიან ფრთხილები ვართ, დეველოპმენტის სექტორი საბანკო რეგულატორის მხრიდან ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რათა მისი ზრდის ტემპი არსებულ ტრენდს შეესაბამებოდეს. ჯერჯერობით არ მიგვიღია რამე გადაწყვეტილება, გაგრძელდება ამაზე მსჯელობა და თუ დავინახავთ, რომ იმ მკაცრ მიდგომაში, რაც დღეს არის დაფინანსების თვალსაზრისით, გარკვეული შესწორებების საჭიროებაა, ამაზე გეცნობებათ”, - ამბობს ნათია თურნავა.