მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპირებს თუ არა მთავრობა სახელმწიფო პროგრამით ყველა წამალი თავად შეისყიდოს? - მინისტრის პასუხი

ჯანდაცვის სამინისტრო

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სახელმწიფომ ფარმაცევტული ბიზნესი ონკომედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებაში დაადანაშაულა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხა, ხომ არ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო თავად შეიძინოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქრონიკული მედიკამენტები და ამ მხრივ, თანამშრომლობა გაწყვიტოს კომპანიებთან?

მინისტრის თქმით, ონკოლოგიურ და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შემთხვევაში სახელმწიფომ მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკებებით შესყიდვები უკვე დაიწყო, თუმცა სახელმწიფო ყველა მედიკამენტს თავად ვერ შეიძენს.

"ცხადია, ყველა მედიკამენტს სახელმწიფო ვერ იყიდის. ჩვენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვა როცა დავიწყეთ მაშინ უცხოელი კონსულტანტები გვეხმარებოდნენ, რომლებსაც იგივე რეფორმა სხვა ქვეყნებშიც აქვთ განხორციელებული და მათგან რეკომენდაციებს დღემდე ვიღებთ.

მათი რეკომენდაცია იყო, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნა ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებს არ შეხებოდა და წავსულიყავით პირდაპირი მოლაპარაკების გზით მწარმოებლებთან. მივყვებით ამ გეგმას და ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. მნიშვნელოვანი დაზოგვა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის და ამან მოგვცა შესაძლებლობა მიმდინარე წელს პაციენტები ონკოპრეპარატებით სრულად უზრუნველგვეყო.

რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, მათაც სრულად უზრუნველვყოფთ მთელი წლის განმავლობაში. ეს ეხება 400 000 ადამიანს და მიმდინარე თვიდან ამას შევძლებთ", - განმარტა მინისტრი.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე თანხით დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები