მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპირებს თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლას?

აქუბარდია

„არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტში შესვლა-არშესვლას, როცა ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხეა“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

საქმე ის არის, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქცია/დემონსტრაცია გაიმართება. განცხადება გააკეთა გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მასთან ერთად იყო ოპოზიცია, თუმცა არა "გახარია - საქართველოსთვის" პარტიის წარმომადგენლები. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა კითხვები, უერთდებოდა თუ არა გახარიას გუნდი არჩევნების შედეგების არაღიარების და პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციის განწყობას.

მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ დღეს საღამოს დაანონსებულ აქციაში და გააგრძელებენ მუშაობას ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის. დეტალებზე კი განცხადებას პარტიის ლიდერი გიორგი გახარია გააკეთებს.

„ჩვენი პოზიციაც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არის ის, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის არჩევანს და დიდი დარღვევებით მიმდინარეობდა როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში. ამის არაერთი მტკიცებულება და შესაბამისი საქმე გვაქვს შესაბამის უწყებებში, რაზედაც რეაგირება არ მომხდარა.

რაც შეეხება პრეზიდენტთან შეხვედრას, ჩვენი წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი იყო შეხვედრაზე, ის უბრალოდ არ იდგა შემაჯამებელ ბრიფინგზე. რა თქმა უნდა, ვიქნებით აქციაზე წარმოდგენილი, სხვა დანარჩენთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვას და ჩვენს გეგმაზე პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ისაუბრებს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, არ ესმის, რატომ გაჩნდა გაჩნდა კითხვები (პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით), როცა ამაზე ისაუბრა გუშინ გიორგი გახარიამაც.

"საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტში შესვლა-არშესვლას, როცა ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხეა. ეს არის პროცესი, ჩვენ ამ გონივრულ წინააღმდეგობას, პროტესტს მივყვებით, რომ არ დაიკარგოს საქართველოს ევროპული მომავლის შესაძლებლობა, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, ვიქნებით თუ არა მე ან რომელიმე თანაგუნდელი პარლამენტში, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს ევროპული მომავალი გადასარჩენი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხმა არ დაკარგოს არჩევნების ნდობა და ევროპული მომავალი.“ - განაცხადა აქუბარდიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები