ტურისტებისთვის შექმნილი აპლიკაცია "Gamarjoba" ამ დროისთვის უკვე 15 000-მდე მომხმარებელმა გადმოტვირთა, საიდანაც 60%-მდე მოდის Android-ზე და დაახლოებით, 40%-მდე კი - IOS-ზე.
გადმოტვირთვის ადგილმდებარეობის მიხედვით, IOS შემთხვევაში, აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი, ხოლო Android-ის შემთხვევაში საქართველო, ინდოეთი პაკისტანი და თურქეთი ლიდერობენ.
"აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის სისტემატიურად განახლება ხდება და განახლებისას ვითვალისწინებთ იმ უკუკავშირს, რომელსაც მომხმარებლებისგან ვიღებთ. შეიცვალა აპლიკაციაში განთავსებული სავიზო ინფორმაციის ფორმატი - ვრცელი ინფორმაცია ჩაანაცვლა ყველაზე აქტუალური კითხვების მიხედვით დალაგებულმა ინფორმაციამ და ამ ინფორმაციის განახლება ხდება სისტემატიურად, რათა მათში ასახული იყოს საკანონმდებლო და პროცედურული სიახლეები. ასევე სასტუმროებისა და გართობის შესახებ ინფორმაციის დახარისხება და განახლება ხდება კონკრეტულ სეზონზე აქტუალური ლოკაციებისა და ღონისძიებების მიხედვით“, - აცხადებს BMG სთან პროექტის მენეჯერი მარიკა ჭუმბურიძე.
მისივე განმარტებით, ამჟამად ზაფხულის სეზონის საინფორმაციო კამპანია მზადდება და აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო 4 ცენტრში განთავსდა (თბილისის აეროპორტი, პუშკინის სკვერი, მცხეთასა და ქუთაისის აეროპორტში).
"გარდა ამისა, მზადდება სააპლიკაციო ფორმები კერძო კომპანიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ მათ შესახებ ინფორმაცია მოხვდეს აპლიკაციაში. მოცემულ ეტაპზე მსგავსი ინფორმაციის განთავსება უფასოა და სააპლიკაციო ფორმა საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს აპლიკაციის შესაბამისი სტანდარტით მოგვაწოდოს ინფორმაცია, რაც თავის მხრივაპლიკაციაში მათ შესახებ ინფორმაციის განთავსებას გაამარტივებს“, - განმარტავს მარიკა ჭუმბურიძე.
პარალელურად, აპლიკაციის "Gamarjoba" ფუნქციონალის გაფართოება მიმდინარეობს, რამაც ახლო მომავალში შესაძლებელი უნდა გახადოს აპლიკაციაში ვიდეორგოლებისა და სარეკლამო ტიპის ინფორმაციის განთავსება.
"Gamarjoba" აპლიკაცია უცხოელ ვიზიტორებზეა მორგებული და მათ აწვდის ისეთი ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა სახელმწიფო სერვისები, ტრანსპორტი, სასტუმროები, გადაუდებელი დახმარება, ასევე ინფორმაცია ვიზის შესახებ და ა.შ. აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას, კონკრეტული ქვეყნიდან არის თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელად საჭირო ვიზა, რა ვადა დარჩა მომხმარებელს საქართველოში ყოფნისთვის და ა.შ.

























