მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

APM აცხადებს, რომ საქართველოს 16-18 მეტრის სიღრმის პორტი არ სჭირდება

5d666439f1f59
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.19 14:57
1701
დანიური Maersk-ის შვილობილი კომპანია APM Terminals-ი აცხადებს, რომ ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომების აშენებისთვის $250-$300 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. პროექტის შესახებ APM -ის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა იგორ ვან დენ ესსენმა ისაუბრა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალი ნავმისადგომის სიღრმე 13-14.5 მეტრის ფარგლებში იქნება. კითხვაზე თუ რატომ არ არის ახალი პორტი ღრმაწყლოვანი, APM-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა კლაუს ლოურსენმა განაცხადა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ ესაჭიროება, ამის მიზეზი კი ის გეოგრაფიული შეზღუდვებია, რაც შავ ზღვას აქვს. 

"ეს უკავშირდება იმ გოგრაფიულ ლიმიტაციებს, რომლებიც შავ ზღვას აქვს. ბოსფორის სრუტეში გავლა მხოლოდ განასზღვრული ზომის ხომალდებს შეუძლიათ, ასევე ბაზრის ზომა და ლოგისტიკური კავშირგაბმულობა გლობალურ ვაჭრობასთან მიმართებით არის იმგვარი, რომ აღნიშნულ რეგიონში არ არის საჭირო განსაკუთრებით დიდი ზომის საკონტეინერო გემების მოძრაობა. თქვენ არ გჭირდებათ პორტი, რომლის ფსკერის სიღრმეც 16-18 მეტრია. ჩვენ ალბათ კიდევ მრავალი წელი ვერ ვნახავთ საქართველოში შემოსულ გემს, რომლის ტვირთამწეობას 4500 TEU-ზე მეტია,"- აცხადებს ლოურსენი.

კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტეს ახალი ტერმინალის აშენება იგორ ვან დენ ესსენი პასუხობს, რომ ამის მიზეზი ტვირთების ნაკადის ზრდაა. 

“მსურს უფრო მეტი მოგახსენოთ ჩვენი პროექტის შესახებ, ჩვენ გვსურს ავაშენოთ როგორც მშრალი ტვირთების, ასევე საკონტეინერო ტერმინალი. მშრალი ტვირთების მიმართულებით ვიმუშავებთ, ხორბლის, მადნებისა თუ სხვა და სხვა მინერალების მიმართულებით. ეს იქნება დაახლოებით 400 მეტრის სიგრძის მისადგომი, ამასთანავე, ჩვენ ავაშენებთ 300 მეტრის სიგრძის საკონტეინერო გემების ნავმისადგომს. შესაბამისად, მისადგომი 13-14.5 მეტრის სიღრმის ფსკერის მქონე გემების მიღებას შეძლებს. Panamax-ის კატეგორიის 60,000 ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებაზეა საუბარი. 

ჩვენ მოსალოდნელი ტვირთბრუნის ძალიან დეტალური ანალიზი გავაკეთ, ერთიანობაში შევისწავლეთ კავკასიის რეგიონის ლოგისტიკური კორიდორი. და ამ გათვლების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ $250-300 მილიონის ინვესტირება მოვახდინოთ ახალი ნავმისადგომის ასაშენებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ადეკვატური ინვესტიცია იმ ზრდის საპასუხოდ რაც არსებობს. 

ჩვენ ანალიზზე დაყრდნობით, ვერ ვხედავთ იმას, რომ არსებობს ტვირთების ის მოცულობები, რომელიც საქართველოში ორი პორტის საქმიანობისთვის არის საჭირო,”- ამბობს APM Terminals-ის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი იგორ ვან დენ ესსენი. 

კითხვა - რაც შეეხება ანაკლიის პორტს, როგორ ხედავთ და წარმოგიდგენიათ სინერგია ორ ახალ პორტს შორის? 

პასუხი - “ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ მოცულობის ტვირთებს, რომელსაც ორი ახალი პორტის პროექტის მხარდაჭერა შეუძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ თანაბარი თამაშის წესების პირობებში მოგვიწევს ოპერირება, ჩვენ ასეთ ჯანსაღ კონკურენციას მივესალმებით. კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა, თუმცა ისევე ვიტყვი, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ ტვირთების შესაბამის მოცულობას, ეს არის ჩვენი ანალიზი,”- ამბობს იგორ ვან დენ ესსენი. 

კითხვა - ვინ არიან თქვენი პარტნიორები და რა სახის თანამონაწილეობაზე არის საუბარი? 

“ამ პროექტში ჩვენი პარტნიორი არის ქართული კომპანია “ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი” ისინი ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის ინვესტორების მოძიებით არიან დაკავებული. პარტნიორობის გეგმის მიხედვით, ისინი მშრალი ტვირთების მისადგომის ოპერატორის ფუნქციებს შეასრულებენ,"- ამბობს კლაუს ლოურსენი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები