"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
"ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის: "ეიპიემ ტერმინალსი" "ეი.პი. მოლერ – მაერსკის" ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტებისა და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.
2011 წლის აპრილში, "ეიპიემ ტერმინალსმა" ფოთის საზღვაო ნავსადგური შეისყიდა. როგორც "ეიპიემ ტერმინალსში" განმარტავენ, დღეს ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება.
"ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, "ეიპიემ ტერმინალსმა" უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.
აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში", – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" და "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა" ეკონომიკის სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა მიმდინარე წლის დასაწყისში წარუდგინა.

























