მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM Terminals-ი 2026 წლის ბოლოსთვის საპორტო ამწეს შეიძენს - ინვესტიცია $7.1 მილიონია

APM Terminals

ეიპიემ ტერმინალს ფოთი ოპერაციული შესაძლებლობებისა და მოქნილობის გაძლიერების მიზნით ახალ მრავალფუნქციურ მობილურ საპორტო ამწეს შეიძენს. ინვესტიცია 7.1 მლნ დოლარია.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიცია მზარდი ტვირთბრუნვისა და ნავსადგურის, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო კარიბჭის, როლის გაფართოებას ემსახურება, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს.

"ამწე, რომლის მიღებაც 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, პორტს საშუალებას მისცემს, კონტეინერების გამტარუნარიანობა 650,000-ზე მეტ TEU-მდე გაზარდოს, ხოლო როგორც კონტეინერიზებული, ისე არაკონტეინერიზებული ტვირთების დამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 500,000 მეტრული ტონით გააუმჯობესოს. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს საოპერაციო ეფექტიანობის ზრდას ტვირთების მოძრაობის ოპტიმიზაციისა და გემების მომსახურების დროის შემცირების გზით.

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ფოთის საზღვაო ნავსადგური რეგიონულ ვაჭრობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნავსადგური ამუშავებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი საზღვაო კონტეინერული ტვირთების დაახლოებით 80%-ს და სულ უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს ცენტრალური აზიის დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირების პროცესში. რეგიონში სავაჭრო მოცულობების ზრდის პარალელურად, ნავსადგური აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას, რათა მომავალში გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს და ამავდროულად მომხმარებლებისთვის საიმედო და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა შეინარჩუნოს.

აღნიშნული ინვესტიცია ეხმიანება ტვირთების მოცულობის რეკორდულ ზრდას, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება", - აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ $7.1-მილიონიანი ამწე საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციის ფართო პროგრამის ნაწილია.

დღემდე "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ოპერაციული პროცესების განვითარებასა და გაფართოებაში 180 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო სამომავლოდ, დამატებითი ტექნიკური განახლებებიც იგეგმება.

"მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნისა და უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფისადმი ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვაგრძელებთ ინვესტირებას ნავსადგურის შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებაში. ეს ინვესტიცია ასახავს ჩვენს გრძელვადიან გეგმას რეგიონის განვითარების პოტენციალის მიმართ და ჩვენს ამბიციას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფოთის პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭისა, რომელიც რეგიონს გლობალურ ვაჭრობასთან აკავშირებს“, - აცხადებს ეიპიემ ტერმინალს ფოთის მმართველი დირექტორი, ქრისტიან რიოდერი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურაში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოპერაციულ შესაძლებლობებში განხორციელებული მიზნობრივი ინვესტიციების მეშვეობით, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" აგრძელებს მიწოდების ჯაჭვების კავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ცნობისთვის, 2025 წელს ეიპიემ ტერმინალს ფოთმა რეკორდული რაოდენობის, 636 466 TEU, კონტეინერი დაამუშავა. ზრდა 2026 წელსაც გრძელდება: წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ნავსადგურმა 277 081 TEU დაამუშავა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 255 944 TEU-ს, ხოლო 2024 წელს 225 630 TEU-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები