მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apollo Global Management “ატლეტიკო მადრიდის“ უმსხვილესი აქციონერი გახდა

აპოლო და ატლეტიკო

Apollo Sports Capital-მა, რომელიც Apollo-ს ალტერნატიული ინვესტიციების მმართველი კომპანიაა, “ატლეტიკო მადრიდის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, გარიგება კლუბს 2.2 მილიარდი ევრო დაუჯდა. ეს არის მეორე ყველაზე მაღალი ღირებულება, რაც კი საფეხბურთო კლუბის საკონტროლო წილის გაყიდვისას დაფიქსირებულა და ის მხოლოდ ტოდ ბოელისა და Clearlake Capital-ის მიერ 2022 წელს “ჩელსის” $3.16 მილიარდად შეძენას ჩამოუვარდება.

Apollo შეიძენს “ატლეტიკოს“ დაახლოებით 55%-ს, ხოლო გარიგების დასრულება 2026 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. კლუბის მართვას კვლავ განაგრძობენ მიგელ ანხელ ხილ მარინი (CEO) და ენრიკე სერესო (პრეზიდენტი), რომლებიც აქციონერთა სტრუქტურაშიც დარჩებიან Quantum Pacific Group-თან და Ares Management-თან ერთად. მანამდე მარინი იყო უმსხვილესი აქციონერი დაახლოებით 35%-ით.

სექტემბერში Apollo-მ წარადგინა ახალი სპორტული ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობენ გენერალური დირექტორი ალ ტილისი, პორტფელის მენეჯერები რობ გივონი და ლი სოლომონი, და სტრატეგიის ხელმძღვანელი სემ პორტერი. $5 მილიარდის მოცულობის ფონდს უკვე აქვს ინვესტიცია Mutua Madrid Open-სა და Miami Open-ის საჩოგბურთო ტურნირებში, საერთო პარტნიორობით არი ემანუელთან და მარკ შაპიროსთან. აღსანიშნავია, რომ Apollo-ს 2024 წლის სექტემბრის ბოლოს $908 მილიარდის აქტივები ჰქონდა მართვაში.

“ატლეტიკო“ ლა ლიგის 11-გზის ჩემპიონია, რაც ესპანეთში მესამე ყველაზე წარმატებული მაჩვენებელია „რეალისა“ და „ბარსელონას“ შემდეგ. კლუბი ამჟამად ავითარებს $928 მილიონის მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის პროექტს თავის “სივიტას მეტროპოლიტანოს“ სტადიონის ირგვლივ, მადრიდში.

კომპანია 1990 წელს დაარსდა ამერიკელი ინვესტორის ჯოშ ჰარისის (რომელიც ახლა მფლობელია პრემიერლიგის “კრისტალ პალასის“, NFL-ის “ვაშინგტონ კომანდერსის“, NBA-ს “ფილადელფია 76ერსისა“ და NHL-ის “ნიუ ჯერსი დევილსის“), ლეონ ბლეკისა და მარკ როუნის მიერ. სუვერენული ფონდების ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს ის მსოფლიოში 28-ე უდიდეს საგადასახადო კომპანია იყო - $751 მილიარდის აქტივებით.

ცნობისთვის, ჰარისმა Apollo 2022 წელს დატოვა, თუმცა 2024 წლის აპრილის მდგომარეობით კომპანიაში 6%-იან წილს ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები