Apple და Intel, გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან, რომლის მიხედვითაც Intel Apple-ის მოწყობილობებისთვის ჩიპების ნაწილს აწარმოებს. ეს ნაბიჯი შესაძლოა ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად იქცეს.
როგორც The Wall Street Journal წერს, ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, ხოლო ბოლო თვეებში წინასწარი შეთანხმებაც იქნა მიღწეული. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Intel-ის აქციები თითქმის 14%-ით გაიზარდა, ხოლო Apple-ის აქციებმა 2%-იანი მატება აჩვენა.
თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, ეს Intel-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადება იქნება ბოლო წლების განმავლობაში. კომპანიის საწარმოო ბიზნესი, რომელიც ადრე სირთულეებს აწყდებოდა, ახლა მნიშვნელოვან აღდგენას განიცდის. Intel-ის აქციები მიმდინარე წელს უკვე 200%-ზე მეტად არის გაზრდილი.
Apple-ისთვის კი ეს ეპოქის დასასრული იქნება. ამჟამად კომპანია მთლიანად დამოკიდებულია TSMC-ზე, რომელიც Apple-ის ყველა ყველაზე მოწინავე ჩიპს აწარმოებს. თუმცა ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე ჩიპებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა და TSMC-ის საწარმოო შესაძლებლობები მაქსიმალურად დატვირთულია. სწორედ ამიტომ Apple ცდილობს დამატებითი საწარმოო პარტნიორების მოძიებას.
Creative Strategies-ის ჩიპების ანალიტიკოსის ბენ ბაჯარინის თქმით, Intel ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია წარმოების მასშტაბების სწრაფად გაზრდა და Apple-ისთვის რეალური ალტერნატიული წყარო გახდეს.
Intel ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. კომპანიამ არიზონას შტატის ქალაქ ჩენდლერში ახალი ქარხანა აამოქმედა, სადაც წარმოება მიმდინარეობს 18A ტექნოლოგიაზე Intel-ის ყველაზე მოწინავე საწარმოო პროცესზე, რომელიც კონკურენციას უწევს TSMC-ის 2 ნანომეტრიან ტექნოლოგიას. აღსანიშნავია, რომ TSMC-ც აშენებს ახალ ქარხნებს არიზონაში, სადაც Apple უკვე გეგმავს საკუთარი ჩიპების ნაწილის წარმოებას.
ბაჯარინი ვარაუდობს, რომ Apple, სავარაუდოდ, Intel-ის მომავალ ტექნოლოგიას 18A-P პროცესს დაელოდება, რომელიც შესაძლოა უკვე მომავალ წელს გახდეს ხელმისაწვდომი. მისი შეფასებით, არსებული 18A პროცესი ჯერ კიდევ „უხეშია“, ხოლო 18A-P ტექნოლოგია ბევრ პრობლემას გააუმჯობესებს.
წლების განმავლობაში Intel-ის საწარმოო ბიზნესს შეფერხებები, დაბალი ხარისხის მაჩვენებლები და ტექნოლოგიური პრობლემები აწუხებდა, რაც ეჭვქვეშ აყენებდა კომპანიის უნარს სხვა კომპანიებისთვის ჩიპების წარმოებაში. ამჟამად Intel-ის მთავარი მომხმარებელი კვლავ თავად Intel-ია, რომელიც საკუთარ პროცესორებსა და სხვა ჩიპებს აწარმოებს.
თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რთული პერიოდი უკვე დასრულებულია. ბაჯარინის თქმით: „Intel-მა კრიზისი გადალახა და ახლა უკვე შეიძლება ჩაითვალოს სანდო მეორე წყაროდ.“
Intel-ის სხვა დიდი გარე კლიენტი ამ ეტაპზე Elon Musk-ის პროექტებია. მასკმა გასულ თვეში განაცხადა, რომ გეგმავს Intel-ის მომავალი 14A ტექნოლოგიის გამოყენებას Terafab პროექტში $119 მილიარდიან საწარმოში, რომელიც ტეხასის ქალაქ ოსტინში აშენდება და ჩიპებს აწარმოებს Tesla-სთვის, SpaceX-ისთვის და SpaceXAI-სთვის. Intel-ის CEO ლიპ-ბუ ტანის თქმით, 14A ტექნოლოგიის მასობრივი წარმოება 2029 წელს დაიწყება.
Intel უკვე თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Amazon და Cisco, განსაკუთრებით ჩიპების „advanced packaging“-ის მიმართულებით, სადაც სხვადასხვა კომპონენტი ერთიანდება უფრო მძლავრი სისტემების შესაქმნელად.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Apple-Intel-ის შეთანხმება TSMC-ზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ტაივანური კომპანია უკვე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. თუმცა TSMC-ის ხელმძღვანელობის ბოლო განცხადებები მიანიშნებს, რომ კომპანიამ Intel უკვე რეალურ კონკურენტად აღიქვა. გასულ თვეში TSMC-ის პრეზიდენტმა და CEO-მ სი სი ვეიმ Intel-ს „სერიოზული კონკურენტი“ უწოდა.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს Samsung Electronics-ის ახალი ჩიპების ქარხანა ტეხასში. დღეს მსოფლიოში მხოლოდ სამი კომპანია Samsung, Intel და TSMC, ფლობს შესაძლებლობას აწარმოოს ყველაზე მოწინავე AI ჩიპები.



























