მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ის 50 წელი: რა შედეგებითა და გამოწვევებით შეხვდა ტექნოლოგიური გიგანტი იუბილეს?

apple

1976 წლის დასაწყისში, კალიფორნიაში სტივ უოზნიაკმა დაასრულა კომპიუტერული მიკროსქემის დიზაინი, რომლის გაზიარებასაც გამორჩეული ადგილობრივი კლუბის თანამოაზრეებისთვის აპირებდა. მისმა მეგობარმა სტივ ჯობსმა კი ამ მიკროსქემების წარმოებასა და გაყიდვაში ბიზნესშესაძლებლობა დაინახა - ასე დაიბადა Apple.

1 აპრილს კომპანიას 50 წელი შეუსრულდა. მისმა აღზევებამ შეცვალა როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრია, ისე პოპკულტურა: ჯერ პერსონალური კომპიუტერები აქცია მასობრივად მოხმარებად პროდუქტად, შემდეგ კი - სმარტფონები; გააპოპულარულა მობილური აპლიკაციები და აჩვენა, რამდენად მჭიდროდ და ეფექტიანად შეუძლიათ მუშაობა მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

თუმცა, iPhone-ის მწარმოებელი ახლა ზეწოლის ქვეშაა - მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც ტექნოლოგიურ გიგანტად რჩება, მაშინ როცა პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მისი კონკურენტები (Alphabet და Microsoft) ლიდერობის მოსაპოვებლად ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საკუთარ ჩიპებში მანქანური სწავლების ფუნქციებს 2017 წლიდან ნერგავს, ანალიტიკოსებისა და ინვესტორების აზრით, ახალი ფუნქციების (მათ შორის, განახლებული Siri-ს) დანერგვის შეფერხება იმაზე მიუთითებს, რომ Apple მოუმზადებელი შეხვდა იმას, თუ როგორ გამოიყენებდნენ მომხმარებლები AI-ს.

ისეთი კონკურენტები, როგორიცაა OpenAI, ასევე გეგმავენ AI მოწყობილობების გამოშვებას, რომლებიც მიზნად სმარტფონების ხანგრძლივი დომინირების შერყევას ისახავს.

მიუხედავად ამისა, Apple-ის მოწყობილობები კვლავ ფართოდ პოპულარულია. უახლეს iPhone 17-ის სერიაზე მაღალმა მოთხოვნამ 2025 წლის ბოლო კვარტალის შემოსავლები გაზარდა, ხოლო 599-დოლარიან MacBook Neo-ს (მისი ყველა დროის ყველაზე იაფი ლეპტოპი) წარმატებული სტარტი ჰქონდა.

"კომპანიამ 50 წელი ისე გაატარა, რომ მის ინტეგრირებულ ბიზნეს-მოდელს რეალური კონკურენცია არავინ გაუწია; მისი მომდევნო 50 წლის ბედი შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად მიმზიდველი აღმოჩნდება AI და შეძლებს თუ არა OpenAI, აჯობოს ორიგინალ", - განაცხადა სამშაბათს დამოუკიდებელმა ტექ-ანალიტიკოსმა ბენ ტომპსონმა პლატფორმა Stratechery.com-ზე.

Apple-ის 50-ე წელი:

აქციების ფასის ელვისებური ზრდა

კომპანია ბირჟაზე 1980 წელს გავიდა, მაგრამ მისი აქციების ფასმა საუკუნის მიჯნის შემდეგ, iPhone-ის ბესტსელერად ქცევისა და მოწყობილობების ასორტიმენტის გაფართოების ფონზე, მკვეთრად მოიმატა. საკუთარი წარმოების M-სერიის ჩიპებმა ასევე განაპირობა Mac-ის გაყიდვების ზრდა, რამაც აქციების ფასს დამატებითი ბიძგი მისცა.

წლიური შემოსავალი ნახევარ ტრილიონს უახლოვდება

Apple, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ასევე ლიდერობს შემოსავლების მოცულობით. უახლეს iPhone-ის სერიაზე მაღალი მოთხოვნის წყალობით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს (რომელიც სექტემბერში სრულდება) მისი გაყიდვები 465 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ჩინეთი და განვითარებადი ბაზრები APPLE-ის შემოსავლებში თავიანთ წილს ზრდიან

აშშ-ში სმარტფონების ბაზრის Apple-ით გაჯერების კვალდაკვალ, ჩინეთი და ისეთი განვითარებადი ბაზრები, როგორიცაა ინდოეთი, სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ კომპანიის შემოსავლების ზრდაში.

პროდუქტები, რომლებიც ქმნიან APPLE-ს

მიკროსქემა, რომელიც ვოზნიაკმა ჯობსს 1976 წელს გაუზიარა, Apple I გახდა - პირველი პროდუქტი იმ გრძელ ჯაჭვში, რომელმაც კომპანია ავტოფარეხის სტარტაპიდან სამომხმარებლო ელექტრონიკის გიგანტად აქცია. წლების განმავლობაში Apple-მა შექმნა ისეთი ჰიტები, როგორიცაა iPod, დღეს კი მისი ასორტიმენტი მოიცავს სმარტ-საათებს, უსადენო ყურსასმენებსა და შერეული რეალობის (mixed-reality) სათვალე Vision Pro-ს.

"ჯობსმა Apple-ის ჰიტები შექმნა, ტიმ კუკმა კი - ეკოსისტემა"

პროდუქტები, რომელთა გამოშვებაც კომპანიის სტრატეგიულ ზრდას ასახავს

CEO პროდუქტი წელი
სტივ ჯობსი iMac (G3) 1998
სტივ ჯობსი iBook 1999
სტივ ჯობსი Mac OS X 2001
სტივ ჯობსი iPod 2001
სტივ ჯობსი iTunes Store 2003
სტივ ჯობსი MacBook Pro 2006
სტივ ჯობსი MacBook 2006
სტივ ჯობსი iPhone 2007
სტივ ჯობსი App Store 2008
სტივ ჯობსი MacBook Air 2008
სტივ ჯობსი iPad 2010
ტიმ კუკი Apple Watch 2015
ტიმ კუკი AirPods 2016
ტიმ კუკი HomePod 2018
ტიმ კუკი Apple Music 2015
ტიმ კუკი Apple Pay 2014
ტიმ კუკი Apple TV+ 2019
ტიმ კუკი Apple M1 Chip 2020
ტიმ კუკი Apple Silicon Macs 2929
ტიმ კუკი AirTag 2021
ტიმ კუკი Apple Vision Pro 2023
ტიმ კუკი Apple Intelligence 2024

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები