მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის დაფუძნებიდან 48 წელი გავიდა – როგორ და რატომ მიაღწია მან წარმატებას?

Apple

დღეს 1-ელი აპრილია, პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის დაფუძნების დღე. ზუსტად 48 წლის წინ, სიტვ ჯობსმა და სიტივ უოზნიაკმა კალიფორნიის შტატში Apple-ი დააფუძნეს, რომლის საბაზრო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 624 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის სახელმწიფოების უმეტესობის ეკონომიკის მოცულობას აღემატება.

ტექნოლოგიური ტიტანის ისტორია კერძო სახლის გარაჟში დაიწყო, სადაც საერთო იდეით შეპყრობილი ორი მეოცნებე სამყაროს შეცვლას შეეცადა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათ ეს გამოუვიდათ.

ჯობსის და უოზნიაკის პირველი დიდი წარმატება Apple II-ს უკავშირდება, რომელიც გამორჩეულად მძლავრი და ხელმისაწვდომი პერსონალური კომპიუტერი იყო. საწყის ეტაპზე, Apple-ის მიზანი კომპიუტერების დემოკრატიზაცია იყო, ანუ მათ სურდათ ისეთი კომპიუტერის შეძენა, რომელსაც ყველა მარტივად გამოიყენებდა და თან ზედმეტად ძვირი არ ეღირებოდა.

სტივ უოზნიაკი, რომელიც Apple-ის ტექნოლოგიურ მამად ითვლება, ყოველთვის თვლიდა, რომ Apple-ის კომპიუტერი კონკურენტებზე უფრო გახსნილი, მრავალფეროვანი და გამოსადეგი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის პარტნიორს, სტივ ჯობსს კომპანიის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ჯობსი მიიჩნევდა, რომ მომხმარებელს მხოლოდ ის პროდუქტი და სერვისი უნდა მიეღო, რასაც კომპანია ისურვებდა. სწორედ ასე დაიბადა Apple-ის ჩაკეტილი ეკოსისტემის იდეა, რომელსაც არაერთი უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ფაქტია, რომ მუშაობს, თანაც შესანიშნავად.

Apple-ის პირველი რევოლუციური პროდუქტი Macintosh-ი იყო, ფერადი კომპიუტერი, რომლის მსგავსი მსოფლიოს არასოდეს ენახა. Macintosh-ის სისტემა იმდენად ჩაკეტილი და შეზღუდული იყო, რომ მისი წარმატების თავად უაოზნიაკსაც კი არ სჯეროდა, თუმცა ამ სარისკო ნაბიჯმა გაამართლა და Apple-მა პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება შეძლო.

აქვე, ორიოდე სიტყვით Apple-ის ლოგოზეც უნდა მოგიყვეთ, რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილი ჩაკბეჩილი ვაშლია. საქმე ისაა, რომ პირველ ვერსიაში, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელ რონალდ უეინს ეკუთვნოდა, ლოგოზე გამოსახული იყო ვაშლის ხე და მის ქვეშ მჯდომი ისააკ ნიუტონი. დიახ, ეს ის ვაშლი იყო, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ნიუტონს თავში დაეცა და მეცნიერი გრავიტაციაზე დააფიქრა.

ასეთი კომპლექსური ლოგო სტივ ჯობსს არ მოსწონდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯობსი მინიმალიზმის მიმდევარი იყო და ის ზედმეტს ვერაფერს იტანდა. სწორედ ამიტომ მან დიზაინერ რობ იანოფს მარტივი ლოგოს შექმნა დაავალა და სწორედ ასე შეიქმნა ჩაკბეჩილი ვაშლი, რომელიც თავიდან ცისარტყელას ფერი იყო. ჩაკბეჩის მიზეზსაც გეტყვით - რათა მომხმარებელს ვაშლი სხვა ხილში არ შეშლოდა და თან ის ორიგინალური ყოფილიყო.

ახლა კი დროა Apple-ის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტზე გადავინაცვლოთ, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მობილური ტელეფონების მომავალი. 2007 წელს სტივ ჯობსმა საზოგადოებას პირველი iPhone-ი წარუდგინა, რომელსაც არც ასობით ღილაკი ჰქონდა, არც ტრანსფორმირდებოდა, არც ნახევარ კილოგრამს იწონიდა და არც პროგრამირების ცოდნას მოითხოვდა გამოყენებისთვის. ეს იყო მარტივი დიზაინის მქონე, დახვეწილი სმარტფონი, რომელსაც სენსორული ეკრანი, ლოგიკური მენიუ, სწრაფი პროცესორი და გამართული ოპერაციული სისტემა ჰქონდა.

ბაზარზე პირველი iPhone-ის გამოჩენის დღეს ფაქტობრივად წერტილი დაესვა Nokia-ს, Blackberry-ს და Sony-Ericsson-ის არსებობას, რადგან ამ მოწყობილობების შედარებას აზრიც კი არ ჰქონდა, Apple-ი უბრალოდ სხვა განზომილებაში იყო.

ჯობსის შემდეგ, Apple-ის მართვის სადავეები მისმა ღირსეულმა შთამომავალმა, ტიმ კუკმა გადაიბარა, რომელმაც კომპანიის კაპიტალიზაცია ჯერ 1 ტრილიონზე, შემდეგ 2-ზე და ბოლოს 3 ტრილიონ დოლარზე აიყვანა.

კუკის ხელმძღვანელობით, Apple-ში აქსესუარების ეპოქა დაიწყო, რაც კომპანიის პორტფელში Apple Watch-ის, AirPods-ის, Vision Pro-ს და სხვა მოწყობილობების გამოჩენას უკავშირდება.

თავისი არსებობის 48-წლიან ისტორიაში Apple-ს არაერთი გამოწვევა გადაულახავს, კომპანია მრავალჯერ ყოფილა გაკოტრების ზღვარზე; ინვესტორებმა სტივ ჯობსი კომპანიიდანაც კი გააგდეს. მიუხედავად ყველაფრისა, მინიმალიზმის, სიმარტივის, სილამაზისა და კომფორტის პრინციპების ერთგულებით Apple-მა ყველაფერს გაუძლო და დღეს ის არათუ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფოებზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანია.

ბოლოს კი, მადლობა სტივ ჯობსს და სტივ უოზნიაკს, რადგან მათ 1976 წლის პირველ აპრილს, გარაჟში ყოფნისას სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები