Apple-ის კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა $58 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.
შემცირების წამყვანი მიზეზი Apple-ის ძირითადი შემოსავლის წყაროს - სმარტფონების ბიზნესის გაყიდვების კლებაა. დოკუმენტის მიხედვით, iPhone-ის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 17%-ით, $31 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი ამბობს, რომ გაყიდვები კვარტლის ბოლოს გააქტიურდა, რაც წლის შემდგომ ნახევარში გაყიდვების გააქტიურებაზე უნდა მიანიშნებდეს.
ბოლო პერიოდში Apple-ისთვის ერთ-ერთი პრობლემატური ჩინეთის ბაზარი იყო, სადაც მარტის ბოლოს, კომპანიამ მობილურზე ფასები მოთხოვნის გაზრდის მიზნით შეამცირა. ტიმ კუკის განცხადებით, დღეს-დღეობით ბაზარიც სტაბილურდება.
ამავდროულად, მიმდინარე კვარტალში მოთხოვნაა გაზრდილი Apple Watch-ზეც, რაც მისი აქტიური გაყიდვებით აისახება.

























