მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ?

6454cb82dc8c5
გიორგი არონია
05.05.23 13:28
1599

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა პროგნოზირებულზე გაცილებით უკეთესი კვარტალური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რაც, უმეტესწილად, iPhone-ების გაზრდილმა გაყიდვებმა განაპირობა. ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში, Apple-მა $94.84 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის $2 მილიარდით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს. თითოეულ აქციაზე შემოსავალმა $1.52 შეადგინა, პროგნოზირებული $1.43-ის ნაცვლად. პროგნოზირებულზე ოდნავ დიდი აღმოჩნდა კომპანიის მოგების მარჟაც, რომელმაც 44.3% შეადგინა, ნაცვლად პროგნოზირებული 44.1%-ისა. როგორც ჩანს, პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგები მოულოდნელი იყო თავად Apple-სთვის, რადგან ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმაც ისაუბრა.

აქვე უნდა ითქვას, რომ პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგების დაფიქსირების მიუხედავად, წლის ჭრილში, Apple-ის შემოსავალი და მოგება მცირედით შემცირდა. თუ ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში, Apple-მა $24.16 მილიარდის მოგება ნახა, ერთი წლით ადრე, მაჩვენებელი $850 მილიონით მეტი იყო. თავად შემოსავალი, 3%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, Apple-ის ჯამური შემოსავლების პროგნოზირებულზე მეტად ზრდა კომპანიის ყველაზე გაყიდვად პროდუქტზე, iPhone-ზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

iPhone: $51.33 მლრდ (ნაცვლად პროგნოზირებული $48.84 მლრდ-ისა) - ზრდა 2%
Mac: $7.17 მლრდ (ნაცვლად პროგნოზირებული $7.8 მლრდ-ისა) - კლება 31%
iPad: $6.67 მლრდ (ნაცვლად პროგნოზირებული $6.69 მლრდ-ისა) - კლება 13%
სხვა: $8.76 მლრდ (ნაცვლად პროგნოზირებული $8.43 მლრდ-ისა)
სერვისები: $20.91 მლრდ (ნაცვლად პროგნოზირებული $20.97 მლრდ-ისა) - ზრდა 5.5%

კომპანიის მოსალოდნელზე უკეთეს კვარტალურ შედეგებს გამოეხმაურა Apple-ის ფინანსური დირექტორი, ლუკა მაესტრი: “წლიდან წლამდე, ჩვენი მაჩვენებლები დეკემბერში დასრულებულ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და ფულადმა ნაკადებმა $28.6 მილიარდი შეადგინა, რომელთა $23 მილიარდი ჩვენს აქციონერებს დავუბრუნეთ”, - განაცხადა მაესტრიმ. “გამომდინარე იქიდან, რომ Apple-ის მომავალში დარწმუნებულები ვართ და ჩვენი აქციის ღირებულებას ვხედავთ, სამეთვალყურეო საბჭომ $90 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვას დაუჭირა მხარი. ამასთან, რიგით მეთერთმეტე წელია, რაც კვარტალურ დივიდენდს ვზრდით”. ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს, დივიდენდის სახით, თითოეულ აქციაზე, Apple-ი 24 ცენტს გასცემს, რაც 4%-ით მეტია, ვიდრე შარშან.

კვარტალურ შედეგებთან ერთად, Apple-მა შემდეგი კვარტლის პროგნოზიც გაავრცელა, რომლის თანახმად, კომპანია ივნისში მსგავს შედეგებს პროგნოზირებს, თუ, ცხადია, მაკროეკონომიკური ვითარება არ შეიცვალა. ამასთან, კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა ისაუბრა სამუშაო ძალაზეც და აღნიშნა, რომ სხვა დიდი ტექნოლოგიური კორპორაციებისგან განსხვავებით, Apple-ი თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას არ გეგმავს.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Apple-ის აქციის ფასი ბაზრის დახურვის შემდეგ, განგრძობითი ვაჭრობის დროს თითქმის 2%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულს ამერიკული Apple-ი დღესაც იკავებს - კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.64 ტრილიონს აჭარბებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები