პირველი აპრილიდან საქართველოში 4 დაცულ ტერიტორიაზე შესვლა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძვირდება.
დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასების ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დღეს, BM.GE-მ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კითხვებით მიმართა, რის შემდეგაც უწყებამ განცხადება გაავრცელა.
უწყების მონაცემებით, 4 დაცულ ტერიტორიაზე უცხოელებისთვის შესასვლელი ბილეთის ღირებულება რიგ შემთხვევაში ორმაგდება. ამასთან, ვიზიტორთა ინტერესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „კომბო ბილეთები“ ემატება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბილეთების ფასების განახლება, სააგენტოს საქმიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოხდა.
ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: shorturl.at/M1Qqz
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი განახლებული ფასების მიხედვით, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში შესვლა უცვლელი იქნება, თუმცა ეს ტერიტორიები სხვა ტერიტორიებთან ერთად ერთიან „კომბო ბილეთებში“ გაერთიანება და ამ ბილეთებით ერთ ფასად მსურველს ორი ტერიტორიის მონახულება შეეძლება.
ფასები გაიზარდა მარტვილის და ოკაცეს კანიონებზე, სადაც ქართველებისთვის ბილეთის ფასი 12-დამ 16 ლარამდე გაძვირდება, უცხოელებისთვის კი მარტვილის კანიონზე გაორმაგდება და 40 ლარი იქნება, ხოლო ოკაცეს კანიონზე 20-დან 30 ლარამდე გაიზრდება.
პრომეთეს მღვიმეში შესვლის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 25-დან 40 ლარამდე გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთგვის კი 13-დან 16 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, პრომეთეში ძვირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნავით გადაადგილების სერვისი 30 ლარამდე, დღეს ამის ღირებულება 20 ლარია.
სათაფლიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა 30 ლარამდე გაძვირდება (არსებული 20 ლარიდან); საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის - 10-დან 15 ლარამდე ძვირდება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება.
სააგენტოს შემოსავლები, ერთი მხრივ, მიმართულია ბუნების დაცვის ღონისძიებებისკენ — ეკოსისტემების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეორე მხრივ, აქტიურად ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარება, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ტურისტული ობიექტების მოწყობა, რათა საქართველოს დაცული ტერიტორიები კიდევ უფრო მეტად უახლოვდებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ვიზიტორებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შესთავაზოს.
ეკოტურიზმის განვითარება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული. სააგენტოს საქმიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, განხორციელდა ბილეთების ფასების განახლება
ამასთანავე, ვიზიტორთა ინტერესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ემატება „კომბო ბილეთები“, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი ბილეთის ფარგლებში, უფრო ეკონომიურად მოინახულონ სხვადასხვა ლოკაცია. აღნიშნული სიახლე გაამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას და ერთიან ფასში რამდენიმე ტურისტული ობიექტის მონახულების შესაძლებლობას შექმნის“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.



























