აპრილიდან სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს იწყებს. უკვე ხელმისაწვდომია შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებიც. საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.
BMG დაინტერესდა როგორია სექტორის მოლოდინები. როგორც პარკების მწარმოებელი კომპანია "აა პლასტის" იურისტი მელიტა ტყაბლაძე ამბობს, მოლოდინი აქვს, რომ მონიტორინგის შედეგად ბაზარზე კონკურენტული გარემო გაჯანსაღდება.
მისი თქმით, არაჯანსაღი კონკურენცია კომპანიის წარმოებაზე ცუდად აისახა იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი სტანდარტების დაცვით წარმოებული პროდუქტი შედარებით ძვირია. მისი თქმით, პროცესი ძირითადად მცირე საწარმოებზე მოახდენს გავლენას, რომლებსაც დარღვევები აქვთ.
„კონკრეტულად ჩვენთვის რადიკალურად არაფერი იცვლება, რადგან როგორც ერთ-ერთი დიდი წარმოება, ჩვენი საწარმო ყოველთვის კონტროლდებოდა. ადრე ძირითადად ვიზუალიზაციით და დაკვირვებით არჩევდნენ, რომელი იყო და რომელი არა ბიო პარკი, ახლა ლიცენზირებული გახდა ლაბორატორია, კადრები აშშ-ში გადაამზადეს და უკვე ლაბორატორიულად იქნება დასკვნა დადებული.
ეს მეტნაკლებად გამოცხრილავს მეწარმეებს. გაუჭირდებათ პატარა მეწარმეებს, რომლებიც კანონდარღვევით აწარმოებდნენ. მათ დანადგარები უნდა შეაკეთონ/გადააკეთონ, დანამატი შეიძინონ, რომელიც საკმაოდ ძვირია და ა.შ. თუმცა მათ გაუწიეს ანგარიში და მისცეს ერთი თვე. ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ ჩვენ არაჯანსაღ კონკურენციაში ვიყავით კანონდამრღვევებთან, რადგან ჩვენი პარკი ყოველთვის ძვირი იყო, ვიდრე ის, რომელიც სტანდარტის დაცვით არ იწარმოებოდა",- ამბობს იურისტი.
მისივე თქმით, მონიტორინგის დაწყების შემდეგ, დამრღვევების დაჯარიმება და პროდუქტის კონფისკაცია პირველივე დარღვევის გამოვლენისას მოხდება.
"რაც შეეხება ჯარიმებს, საკმაოდ დიდია. ჯარიმდება როგორც მეწარმე, ამავდროულად მაღაზია 1000 ლარით და ამასთან, თითოეულ სტანდარტის შეუსაბამოდ წარმოებულ პარკზე იქნება 25 თეთრი ჯარიმა",- განაცხადა მელიტა ტყაბლაძემ.
მისივე თქმით, შესაძლებელია ისიც, რომ ლაბორატორიულმა კონტროლმა მათ შორის მათი პროდუქტიც გააძვიროს, თუ აღმოჩნდება, რომ იმაზე მეტი ბიო დანამატის გამოყენებაა საჭირო, ვიდრე არსებული პრაქტიკით იყენებენ.
"ჩვენ ბიო დანამატს ვამატებდით, რომ გამძლეობა ყოფილიყო იმ ანოტაციიდან გამომდინარე, რაც მოჰყვებოდა. თუ ლაბორატორიული კვლევებით აღმოჩნდება, რომ ეს არაა საკმარისი და მეტი დანამატია საჭირო, ეს მეტ ხარჯთან იქნება დაკავშირებული",- განმარტავს მელიტა ტყაბლაძე.
შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. კანონის მიხედვით, იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ამასთან, 2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიც აიკრძალა.



























