ყველაზე მეტ სიახლეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან შევიტყობთ, რომელმაც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დაზუსტებული მონაცემები უნდა გამოაქვეყნოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, წინა კვარტალთან მიმართებით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5.5% იქნება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს თავად მთავრობის პროგნოზს და იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სანქციების პირობებში მაინც იზრდება. გარდა ამისა, მომავალ კვირას ცნობილი გახდება რუსეთის მასშტაბით უმუშევრობის უახლეს სტატისტიკა. მომავალ კვირას ინვესტორების ყურადღების ცენტრში იქნება მეზობელი თურქეთიც. 3 აპრილს ცნობილი გახდება, თუ რა ბედი ეწია ქვეყანაში ინფლაციას. ალბათ, არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს. ანალიტიკოსებსაც სწორედ ეს მოლოდინი აქვთ და ისინი ინფლაციის დონის 69%-მდე ზრდას პროგნოზირებენ.