კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა აპრილში, წინა თვესთან შედარებით 106.2 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი მაისისათვის 18.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 143.8 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 37.6 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.1 მლრდ ლარის (1.1 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით ნაკლები).
მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.62 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.52 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი მაისისათვის 16.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 132.6 მლნ ლარით ანუ 0.8 პროცენტით მეტია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 89.6 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 43.0 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.7 პროცენტით).
მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.34 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.50 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.8 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.3 პროცენტი შეადგინა.

























