მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქ არიან ადამიანები, ვინც ღირსეულად, მშვიდობიანად და ქართულად შედიან ევროპაში" - პრეზიდენტის მიმართვა მარშზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“

სალომე ზურაბიშვილი

"აქ არიან ადამიანები, ვინც ღირსეულად, მშვიდობიანად და ქართულად შედიან ევროპაში," - ასე მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლებაზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მართავენ.

პრეზიდენტმა სცენიდან მიმართა ქვეყნის პარტნიორებს ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და უთხრა, რომ როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ის "ისეთი პარტნიორი იქნება რომ არც დაესიზმრებათ".

"დიდი ემოციით მინდა მოგესალმოთ ამ საღამოს. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი და, ალბათ, ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში. ნიშანი იმისი, რომ მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას, არის თავისუფალი საქართველო. აქ არ არის არავინ ძალით მოსული, არავისთვის უთქვამთ, თუ არ მოხვალთ სამსახურს დაკარგავთო. არცერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ თუ არა, სტიპენდია არ გექნება.

არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.

ხვალინდელი საქართველო დღეს დგას აქ. გუშინდელი საქართველო, ოღონდ გუშინდელს რომ ვამბობ, არა საბჭოთა კავშირის კლანჭებში ჩაძირული საქართველო, არამედ თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრების ღირსეული ისტორიით.

მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.

მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს - ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, რომელიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები