საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2016 წელს 2.7%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი 4%-ს მიაღწევს, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე საუბრობს.
-ბატონო გიორგი, რა არის მიზეზები, რაც პროგნიზს საფუძვლად დაედო?
-საქმე ის არის, რომ სავალუტო ფონდი იმ დაკვირვებებიდან ამოდის, რომელსაც ის მთელი 2016 წლის განმავლობაში აწარმოებდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენს გარშემო ან ჩვენს ეკონომიკაში რამე სასიხარულო მოვლენას ადგილი არ ქონია. არ მომხდარა რაიმე გარღვევა და ჩვენი ექსპორტის გაზრდა ან ახალი საექსპორტო პროდუქციის შექმნა და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ ის ზრდის პროგნოზს ამცირებს. მეორე საკითხია ის, თუ რა უნდა დაუპირისპირდეს ამას და როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურად იზრდებოდეს.
-არსებული პოლიტიკის პირობებში შესაძლებელია გარემოების შეცვლა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვნად დაჩქარება?
-ამ შემთხვევაში ჩვენ ორი რამ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ერთი არის წმინდა პოლიტიკური მდგენელი, რომლის მიხედვითაც მთავრობას არსებული ვითარების რადიკალურად შეცვლა არ შეუძლია, თუმცა უფრო დეტალურად თუ მოვუსმენთ, რაზეც საუბარი მიდის ხოლმე, აქ ჩანს, რომ მთავრობა გარკვეული პრიორიტეტების შეცვლას აპირებს. პირველ რიგში, ისინი აქცენტს ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობაზე აკეთებენ, ანუ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე, რამაც ერთი მხრივ, დასაქმება უნდა გაზარდოს და მეორე მხრივ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდას ხელი უნდა შეუწყოს. გარდა ამისა, აუცილებელია და ალბათ მთავრობა ამაზე მუშაობს, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იქნას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ფიქრობდეს თუ როგორ გაზარდოს საქართველოს საექსპორტო პოტენციალი.
- სტრუქტურული რეფორმები რამდენად უზრუნველყოფს ზრდას?
-თუ ეს სტრუქტურული რეფორმები ამ შედეგს მოიტანს, მაშინ რასაკვირველია შესაძლებელი იქნება, რომ დაჩქარებული ეკონომიკური განვითარება მოხდეს. შიდა დანაზოგების მობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამ დანაზოგს უფრო მშვიდად მიიტანენ ბანკებში, ეს თანხები ეკონომიკაში მიდის, დივერსიფიცირება ხდება, ანუ ახალი სფეროები იქმნება, სადაც ახალი პროდუქცია და მომსახურება იქმნება, რომელიც დიდ წილად ექსპორტზეა ორიენტირებული და ეს ყველაფერი ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს იწვევს. თუ კი ეს ლოგიკაა, რასაკვირველია შედეგს მოიტანს. ძალიან მნიშვნელოვანია რა იქნება კონკრეტული მექანიზმები და მათ დანერგვას როგორ ვაპირებთ და ამ მექანიზმების ეფექტურობა რა იქნება. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ ექსპორტის წახალისებას, თუმცა სურათი არ იცვლება. გამოდის, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ. აქცენტი არა სასაქონლო ექსპორტზე უნდა გადავიტანოთ, არამედ მომსახურების ექსპორტზე, იქ, სადაც გვაქვს უფრო კონკურენტული პოზიცია და სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვიძლია.
-რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ ფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება მთავრობას უფრო რეგულაციებისკენ უბიძგებს თუ უფრო თავისუფალი ეკონომიკისკენ?
-საერთოდ რეგულაციების გარეშე ეკონომიკა წარმოუდგენელია, მაგრამ ამავდროულად რეგულაციებით დაჩქარებული ეკონომიკა ცოტა ძნელად წარმოსადგენია. ჩვენ ალბათ უნდა შევძლოთ და ეკონომიკის ზედმეტი მარეგულირებელი მარწუხებისგან გათავისუფლება უნდა მოვახდინოთ. დერეგულაცია და გათავისუფლება ის გზაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები, ახალი პროდუქცია და მომსახურება უნდა შექმნას.

























