მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აქცენტი ხარჯების შემცირებისკენ უნდა იყოს და არა საბიუჯეტო შემოსავლების სხვა წყაროების ზრდაზე"

5826f5511b016
BM.GE
12.11.16 15:00
1161
ინტერვიუ PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან ლექსო ალექსიშვილთან.

-ინვესტორებისთის რა გზავნილია ის, რომ საქართველოში მოგების ნაცვლად დივიდენდი დაიბეგრება?

- ეს ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც მიმდინარე საქმიანობიდან მოგების სახით რჩება, მისი რეინვესტირების საშუალება ბიზნესს ეძლევა გადასახადის გადახდის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ინვესტიციას გაცილებით უფრო მეტი ფასეულობა და ღირებულება გააჩნია და შსაბამისად ეს ინვესტორის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.

-იმ პირობებშიც, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ისედაც დაბალია გადასახადები სხვა ქვეყნებთან შედარებით და კონკურენტულ უპირატესობად ვერ ჩაითლება...

- საერთაშორისო სავალუტიო ფონდი არ ამბობს, რომ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას საინვესტიციო გარემოზე შესაძლოა რაიმე სახის ნეგატიური ეფექტი ქონდეს. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს და იმოქმედებს, თუმცა გარკვეული მაკროეკონომიკური საკითხებია გასათვალისწინებელი, რომელიც ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა მოცულობით, მაგრამ პირველი ორი წლის განმავლობაში შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. ეს დიდი ალბათობით ასე იქნება, რამდენი იქნება ამას ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვით. ისინი ნახევარ მილიარდს ასახელებენ. ჩვენ აღნიშნული საკითხის შეფასება გავაკეთეთ და ჩვენც ვვარაუდობდით ნახევარი მილიარდიდან 800 000 000-მდე არის მოცულობა, რომელიც პირველი წლის განმავლობაში შეიძლება ბიუჯეტში არ შემოვიდეს, მაგრამ მისი გათვალისწინება ბიუჯეტში რაღაცნაირად უნდა მოხდეს.

ჩვენ დეფიციტის ოდენობა ზღვრულ ოდენობამდე უნდა გვქონდეს, ამ შემთხვევაში სავალუტო ფონდის მოსაზრებით ის 3%-ია და მათ მიერ დასახელებულ მოცულობაში მეც ვეთანხმები. კანონითაც ასე გვევალება და ისინი ამას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს უყურებენ. ამ ყველაფრის დასაცავად ორი რამაა საჭირო. ერთი მხრივ, ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს და ჩემი აზრით, ეს ყველაზე უპრიანი იქნება, რომ სწორედ ხარჯების შემცირებისკენ იყოს მთელი აქცენტი გაკეთებული და არა შემოსავლების სხვა წყაროების ზრდაზე.

-თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტში რესურსს ხედავთ, რომ ის შესაძლოა ნახევარი მილიარდით დაკორექტირდეს?

-ზედმეტი ხარჯი არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა დავიცვათ, ჩვენ იძულებული ვიქნებით რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. პირველი პრინციპი და მთავარი ის არის, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი არ შეედრება, არცერთი საკითხი არ შეიძლება მის საპირწონედ დავაყენოთ. ამოსავალი პრინციპი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა და იმისათის, რომ ჩვენ ეს შევინარჩუნოთ, რომელ ხარჯებზე უნდა ვთქვათ უარი ეს არის ზუსტად ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ღერძი, საფუძველი. ამ შემთხვევაში ერთი ალტერნატივაა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რომელზეც ყველაზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ალბათ, ეს მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯებია, რომელსაც თავისი ზღვრული შესაძლებლობები აქვს. ნახევარი მილიარდის მოძებნა ადმინისტრაციულ ხარჯებში შეუძლებელია.
ჩვენ რაც უფრო მეტ ინფრასტრუქტურას დავაფინანსებთ უკეთესია, მაგრამ ამასაც თავისი ზომა აქვს. ჩვენ ზომიერები უნდა ვიყოთ ყველაფერში, მათ შორის ინფრასტრუქტურის დაფინანსებაშიც. ზომიერება ნიშნავს იმას, რომ მაგალითად მშპ-სთან მიმართებაში 6%-7% სრულიად ნორმალურია და რაც უფრო მეტად იზრდება ის თავის აზრს კარგავს. ჩვენ რომ სულ ასფალტით მოვფინოთ გზები ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს. ავტომობილმა თუ არ იარა და ეკონომიკა არ განვითარდა აზრი არ აქვს. მარტივად რომ ავხსნათ ჩვენ რომ ბავშვს ბევრი საკვები მივცეთ, ის არ გაიზრდება, იმდენი უნდა მივცეთ, რამდენიც საჭიროა, ზომიერება უნდა დავიცვათ და ჩვენ ეკონომიკა ზომიერად უნდა ვკვებოთ, როგორც ინვესტიციებით, ისე ნებისმნიერი სხვა მიმართულებითაც.

ესტონურ მოდელზე ფიქრი ახლა არ დაწყებულა. ამ საკითხზე ფიქრი დიდი ხნით ადრე დაიწყეს, მაგრამ ბევრი გარემოების გამო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ვერც ერთხელ ვერ მოხდა. დღეს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და იგი ცალსახად დადებითია. ჩვენ საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში შევედით და ზრდის მაჩვენებლების მიღწევა კიდევ უფრო რთული ხდება. ჩვენ თუ ამას ასეთი ტიპის ღონისძიებებით მაქსიმალურად არ შევუიწყვეთ ხელი, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები