სს „ნიკორა ტრეიდმა“ 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 მარტამდე, 2 000 000 ცალი ჩვეულებრივი აქციის საჯარო განთავსება წარმატებით განახორციელა.
ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს.
სს „ნიკორა ტრეიდი“ სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია.
კომპანიის ინფორმაციით, 2017 წელს სს „ნიკორა ტრეიდის“ ერთი აქციის შეწონილმა ფასმა შეადგინა 18.54 ლარი, 2018 წელს - 18.89 ლარი, ხოლო 2019 წელს კი - 22.79 ლარი. აქციების განთავსების შედეგად კომპანიის აქციონერი გახდა 2032 ფიზიკური პირი, ხოლო კომპანიის კაპიტალში 40.239.000 ლარი იქნა მოზიდული.
ამ პერიოდში, აქციების საშუალებით მოზიდული და კომპანიის მიერ გენერირებული თანხები მიმართული იქნა სს „ნიკორა ტრეიდის“ ქსელის განვითარებაზე. 90-ზე მეტი სუპერმარკეტი გაიხსნა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში და წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ 60 ობიექტის გახსნა იგეგმება.
სს „ნიკორა ტრეიდის“ განვითარების გეგმის თანახმად, 2020 წლის ბოლოს კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 450-მდე სავაჭრო ობიექტი უნდა ჰქონდეს. გეგმა მიზანმიმართულად ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, მის მფლობელობაში 257 მაღაზიაა.

























