მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქსელის“ პარტნიორების პირადი საქმიანობა ორგანიზაციის საქმიანობას არ უკავშირდება - პასუხი TI-ს

64abfe035fdae
ინგა მურუსიძე
10.07.23 17:25
852
„აქსელის“ პარტნიორების პირადი საქმიანობა არაფრით არის დაკავშირებული „აქსელის“, როგორც ორგანიზაციის საქმიანობასთან, - ამის შესახებ აღნიშნულია Axel-ის თანადამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის/დირექტორის გური ქოიავას მიერ bm.ge-სთვის გაგზავნილ წერილში.

საქმე ის არის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილის ორგანიზაციამ გამარტივებული შესყიდვებით 90 ათასი ლარი მიიღო. უფრო კონკრეტულად, 26 აპრილს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ა(ა)იპ „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელს“ გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვით 40,000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა“ აპრილ-ივნისში კონფერენციის ჩატარების მომსახურება გაწია. "ა(ა)იპ „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი“ 2023 წლის პირველ მარტს დააფუძნა ამავე სახელწოდების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ - შპს „საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა“, რომელსაც 2022 წელს „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან“ კიდევ ერთი 50,000 ლარიანი ხელშეკრულება აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვით.

"აქსელს ჰყავს თავისი მენეჯმენტის დიდი გუნდი, ამ სფეროში არაერთი წლის გამოცდილების მქონე, და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წვლილი შევიტანოთ ეკოსისტემის განვითარებაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვახერხებთ ამას.

2 მილიონ ლარამდე გვაქვს უკვე დაინვესტირებული ქართულ სტარტაპებში, 15 გარიგება დავხურეთ და ვცდილობთ, რომ რამდენადაც შეგვიძლია, მივცეთ სტარტაპებს სწრაფად ზრდისთვის საჭირო რესურსები, რომელიც აქამდე არ იყო საქართველოში ხელმისაწვდომი.

აქსელი არის ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ყველაზე დიდი ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრი, ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელის ჯილდო მოვიპოვეთ წელს ევროპულ ჩვენს მსგავს ქსელებს შორის და ბევრი მსგავსი რამ ხდება ჩვენთან.

იმისთვის, რომ ამ საქმის კეთება განვაგრძოთ, მივმართავთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო სექტორს და ასევე, ადგილობრივ სახელმწიფო რესურსებსაც ვიყენებთ, ისევე, როგორც არაერთი სხვა მსგავსი ორგანიზაცია - რადგან აქ საუბარია ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე და არა ერთი კონკრეტული ორგანიზაციის ინდივიდუალურ საკითხზე.

აქსელს ჰყავს არაერთი მეწილე და ეს ინფორმაცია საჯაროა. დიმიტრი ქუმსიშვილი აქსელის მინორიტარ, 8%-იან მეწილეს წარმოადგენს, რომელიც უკვე 5 წელია აღარ არის პოლიტიკაში.

ამასთან, აქსელის პარტნიორების პირადი საქმიანობა არაფრით არის დაკავშირებული აქსელის, როგორც ორგანიზაციის საქმიანობასთან.

როგორც განგიმარტეთ, აქსელს არაერთი მეწილე ჰყავს, ამ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ბაზებში თავისუფლად ნახავს ნებისმიერი მოქალაქე. თუმცა, მინორიტარი პარტნიორები არ არიან ჩართული აქსელის ყოველდღიურ საქმიანობასა და მენეჯმენტში. ჩვენი მენეჯმენტის გუნდი იღებს გადაწყვეტილებებს - რომელ დონორ ორგანიზაციას მიმართოს, რომელ ტენდერსა თუ უტენდერო პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. და ამაში პარტნიორები არ ერთვებიან და არ ახდენენ არანაირ გავლენას მსგავს გადაწყვეტილებებზე.

წელს EBAN-ის სინდიკატის რჩეულ 4-სტარტაპს შორის, ჩვენი აქტიური მუშაობით მოხვდა ქართული სტრატაპიც, რომლის კო-ინვესტიციის ფასილიტაციაზე და 350K ევროს ინვესტიციაზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას და ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - ნათქვამია გური ქოიავას განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები