ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK LAW OFFICE-ის თანადამფუძნებელ, იურისტ ეკატერინე ეგუტიას შეფასებით, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, აშშ-ში თავშესაფარს სულ უფრო ხშირად ითხოვს მაღალკვალიფიციური, შეძლებული და განათლებული კლასი, რომელსაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პირობებში ცხოვრება აღარ სურს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. "აქტიურია ინვესტორებისა და ე.წ.გენიოსის ვიზების მიმართულება" , - აცხადებს ის. ეკატერინე ეგუტია, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში ეწევა, თავის კლიენტებზე დაკვირვებით ამბობს, რომ ბოლო პერიოდში „ინვესტორები საქართველოდან ამერიკაში მიდიან“, ვიდრე - პირიქით.
- აშშ-მა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საიმიგრაციო პოლიტიკა საგრძნობლად გაამკაცრა. მახსოვს, ერთი წლის წინ, დეპორტირებული ქართველებისთვის თვითმფრინავიც იქირავეს, საქართველოში დასაბრუნებლად. რა ვითარებაა ახლა - საქართველოდან ვინ ითხოვს დღეს, ძირითადად, თავშესაფარს აშშ-ში?
- კონტროლი ძალიან გამკაცრებულია; მექსიკის საზღვარი ჩაკეტილია, თუმცა ხალხი სხვა გზებით მაინც ახერხებს შემოსვლას. მაგალითად, შემოდიან ვიზიტით, რჩებიან ტურისტებად და შემდგომ ითხოვენ თავშესაფარს. ასევე, აქტიურია ინვესტორებისა და განსაკუთრებული უნარ-ჩვევების (ე.წ. გენიოსის ვიზების) მიმართულება. ამ კუთხით ემიგრაციამ უფრო მოიმატა, ვიდრე მექსიკის მხრიდან, რადგან იქ ფიზიკურად ჩაკეტილია საზღვარი. მართალია, წინა ადმინისტრაციის დროს არსებული რაოდენობით ვეღარ შემოდიან, მაგრამ ტურისტული ვიზით შემოსულთა მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება.
- ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული კანონების შედეგად, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა საქართველოდან წასვლა...
- დიახ, და ეს არის ძალიან განათლებული და შეძლებული კატეგორია. ადამიანები, რომლებიც აქ ნორმალურად ცხოვრობენ, აქვთ ხელფასი და სტატუსი, მაგრამ არ სურთ არსებულ პირობებში ცხოვრება და ეძებენ გზებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოსასვლელად. ეს არის განმცხადებლების ახალი ტენდენცია - წიგნიერი ხალხი, რომლებსაც საელჩოში ვიზებსაც აძლევენ, ისინი აქ ჩამოდიან და შემდგომ ითხოვენ თავშესაფარს.
- ცუდია, ქვეყნიდან წასვლის სურვილი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება. წერტილი რას დავუსვათ ამ წელს საქართველოში?
- წელს წერტილი დავუსვათ ორ უმნიშვნელოვანეს რამეს - უკანონობასა და უსამართლობას.




























