მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქტივობის 20%-მდე კლება გვაქვს" - რას სთავაზობს მომხმარებელს მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი „საძველე“?

საძველე

მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი - „საძველე“, რომელიც თბილისის ისტორიულ ღვინის ლოკაციაზე, ნომერ #1 ღვინის ქარხანაში ზაფხულში გაიხსნა აქტივობის 20%-მდე კლებას განიცდის. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა.

მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი - „საძველე“ თბილისში, პეტრიაშვილზე მდებარეობს. ის აერთიანებს ღვინის სკოლას, ვინოთეკას, ღვინის ბარს, საკონფერენციო და სადეგუსტაციო სივრცეებს. ობიექტი ამ დროისათვის 14 ადამიანს ასაქმებს.

ობიექტის დირექტორის ინფორმაციით, "საძველე" სამი სართულისგან შედგება, საიდანაც 2 სართული ღვინის სარდაფია. სამანიშვილი დასძენს, რომ ცნობადობის ზრდასთან ერთად, მათ ობიექტზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით უცხოელების მხრიდან, რომლებსაც დედაქალაქშივე სურთ ღვინის დაგემოვნება. თუმცა, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათზეც ასახვა შემცირებული აქტივობის სახით პოვა.

„ობიექტი შედგება სამი სართულისგან, საიდანაც 2 სართული ღვინის სარდაფია. -2 სართულზე ახლა არის თეატრი, საგამოფენო და კულტურული სივრცე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ -1 სართული ღვინის სკოლას, ღვინის ღონისძიებების სივრცეს მიეძღვნას, ამასთან სულ მალე გაკეთდება ღვინის გამოფენების სივრცე, რომლის ინვესტიციაც ამ დრომდე ჯერ არ არის დათვლილი. ვინაიდან ეს არის ინვესტიცია, რომელსაც დიდი შემოსავალი არ მოაქვს, ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობას დაველოდებით და ღონისძიებების მიმართულებით გავაქტიურდებით.

სივრცეში თავმოყრილია 200-მდე დასახელების ღვინოები. ნელ-ნელა ცნობადობა იზრდება და მომხმარებლების რაოდენობაც იმატებს. დეგუსტაციის სივრცეში დაახლოებით 80 ადამიანი ეტევა. ხოლო ღონისძიებების დროს შესაძლოა რამდენიმე ასეული ადამიანის მასპინძლობაც. რაც შეეხება სასწავლო სივრცეს, სასწავლო სივრცეში 24 ადამიანი ეტევა.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩვენზე ძალიან აისახა. აქტივობის დაახლოებით 20%-მდე კლება გვაქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი გახსნილი ვართ და ბრუნვა დიდი არ იყო, კლება ის არის, რომ ისე ვერ გავიზარდეთ, როგორც გვქონდა მოლოდინი“, - ამბობს მულტიფუნქციური ღვინის ჰაბის „საძველე“ დირექტორი.

მისივე ცნობით, მულტიფუნქციური ღვინის ჰაბის გასახსნელად, ასეული ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. სამანიშვილის თქმით, ობიექტი უკვე არსებობდა, მხოლოდ შიდა სივრცის რესტავრაცია გააკეთეს, ამასთან ბარისთვის ატრიბუტები და სასწავლო სივრცისთვის შეიძინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები