შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყნიდან წასვლამდე ნოდარ მელაძეს ექსკლუზიური ინტერვიუში მისცა, სადაც საუბარია მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც აქციაზე არეულობას ქმნიან აქციის მონაწილეები არ არიან.
„საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არ არიან აქციის მონაწილეები. [ესენი არიან] 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.
აქციაზე ძალიან განათლებული ახალგაზრდობა დგას და ძალიან ღირებულებებით სავსე ადამიანები, მაგრამ იქ არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებიც შედიან აქციაში და მთლიანად აქცია ხდება ძალადობრივი და ადამიანი, რომელიც იქ აბსოლუტურად მშვიდობიანად იყო მისული, შეიძლება ამას აყვეს", – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებით, იგი ქვეყნიდან წასვლამდე პრეზიდენტსაც შეხვდა: "საქართველოს პრეზიდენტი არ მეგონა თუ გამოხატავდა ჩემთან შეხვედრის მზაობას და სურვილს".
"მე ვუთხარი [პრეზიდენტს], რომ ამ მოცემულობაში, მე ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ გავუძელი. ტყუილში ცხოვრება არ მინდოდა. მე არ მინდოდა ჩემს შვილებს თვალებში ჩავხედო, აბსოლუტურად სხვა შეხედულება გვაქვს, ჩემს მეგობრებს შევხვდე, ასე პრირდაპირ თვალებში ვუყურო და ვიცოდე, ის რასაც მე ვთვლი რომ არ არის სწორი,ის რაღეცბი ვაპრავო. სიცრუეს თავისი ფასი, ჩვენ ამ ფასს ოდესმე გადავიხდით, მაგრამ რა იქნება იმის ფასი რასაც მოცემულობით ჩვენი შვილებსი თაობა გადაიხდის, ეს იქნება საკითხავი", - უთხრა შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნოდარ მელაძეს.
ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.


























