ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ განხორციელებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა მიზანმიმართულმა პროცესმა განაპირობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდებოდა. მართალია კვირის ბოლოს აქციებმა გარკვეულწილად ზრდა აჩვენა, თუმცა ერთკვირიან ჭრილში მათი ღირებულება საგრძნობლად არის შემცირებული.
"არახალია, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ შეტევა მიიტანონ ყველაფერზე. ამ შემთხვევაში, ეს არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის. მათ შორის, როცა ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ინვესტორების განწყობის შეცვლისკენ, რომელიც შემდეგ უკვე აისახება ეკონომიკურ პროცესებზე. ამასთან გვქონდა საქმე წინა კვირის განმავლობაში.
ჩვენ მოვისმინეთ, არაერთი გამონათქვამი ჩვენი ოპონენტებისგან, რომ როგორმე ეკონომიკა დაეზიანებინათ და ევნოთ. ჩვენ ვხედავდით, რომ საერთაშორისო მედიის მეშვეობით ხდებოდა ცალსახა მოწოდებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკა შევიდოდა ჩიხში. ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს და ეს აისახება, მათ შორის ბირჟების ფასებზე. თუმცა, იმდენად, რამდენადაც ფუნდამენტური ფაქტორები არის ძალიან ჯანსაღი და ამ ყველაფერს არ აქვს რამე ფუნდამენტური საფუძველი, ეს პროცესები ყოველთვის არის მოკლევადიანი.
ჩვენ, ვიხილეთ მოკლევადიანი ზიანი, ზუსტად გამიზნული, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ქართული კომპანიების მიმართ ნდობა აღდგება ინვესტორების მხრიდან, იგივე იქნება შიდა ეკონომიკურ პროცესებში, როცა იყო მოწოდება დეპოზიტების გამოტანის შესახებ, რაც ყველაზე მავნებლური გადაწყვეტილებაა", - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია ვინ გააკეთა მსგავსი მოწოდება. ამგვარი განცხადება ოპოზიციონერების, ან ეკონომისტების მხრიდან არც ინტერნეტში იძებნება.