შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია რომ სამართალდამცველებმა მართლწესრიგის აღდგენის მიზნით სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და თითოეულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელებმა წიწაკის სპრეის გამოიყენა, შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ.