მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aqualia თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმში მონაწილეობდა

ხოსე ენრიკე ბოფილი
BM. GE
30.10.23 17:13
61

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო პანელზე კომპანია FCC Aqualia-ს ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი მონაწილეობდა.

ხოსე ენრიკე ბოფილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფოკუსირებული იყო იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც შესაძლებელს ხდის ინვესტირებას ეკონომიკაში, ხელს უწყობს გამოწვევების შერბილებას და ქმნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.

როგორც ხოსე ენრიკემ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა აქუალიამ საქართველო საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის გამო შეარჩია. წყალმომარაგების ევროპულ კომპანიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და წევრი ქვეყანა.

“ჩვენ ვმუშაობთ წყლის სფეროში და რეგულაცია ჩვენთვის ყველაფერია. საკანონმდებლო სისტემა წყალთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ევროპის მასშტაბით. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია არ არის, მაგალითად, ესპანეთში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სისტემა როგორიც აქ არის - ეს საკმაოდ სანდოა, სამართლიანი, ასევე ახალისებს ინვესტიციებს და ხელს უწყობს ეფექტურად მუშაობას. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება.”

2023 წლის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 2000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მაღალი დონის სესიებზე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ფორუმი გახსნეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმა. ამასთან, სხვა პანელურ სესიებში მონაწილეობდნენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, წარმომადგენლები, საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო რანგის ექსპერტები.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით გამართული გლობალური ფორუმი ფოკუსირებულია ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კავშირის მნიშვნელობაზე მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით საკვანძოა Aqualia-ს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის როლი საქართველოში.

2022 წელს ესპანურმა კომპანია Aqualia- მ შეიძინა GGU ჯგუფი, კომპანია, რომელიც ფლობს და მართავს წყალმომარაგების მართვის სრულ ციკლსა და ინფრასტრუქტურას საქართველოს დედაქალაქში - თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში და ჯამში ემსახურება 1,4 მილიონ მოსახლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები