ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ აღებულ, 600–მილიონლარიან, შიდა ვალს ინფლაციაზე გავლენა არ ექნება. ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც ეხებოდა ბოლო 2 თვეში მთავრობის მიერ აღებული შიდა ვალის გავლენას რეფინანსირების სესხების ზრდასა და ინფლაციურ წნეხზე.
“არ ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი წნეხია. მთავრობამ 600 მლნ ლარზე მეტი შიდა ვალი აიღო. შიდა ვალი ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის ამიტომ, მივესალმები დეფიციტის დაფინანსების წყაროდ შიდა ვალის უფრო ფართოდ გამოყენებას, რადგან ეს იქნება იმის საფუძველი, რომ კაპიტალის ბაზარი უფრო განვითარდეს.
რაც შეეხება რეფინანსირების სესხების ზრდას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფლაციის თარგეთირების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, ის თუ მოცემული საპროცენტო განაკვეთის პირობებში– როგორია მოთხოვნა/მიწოდება. თუ გვინდა, რომ ნაკლები რეფინანსირების სესხი იქნას აღებული, ამისთვის საპროცენტო განაკვეთის ზრდა უნდა მოხდეს. სწორედ ეს ახდენს გავლენას ბაზარზე და ეს არის ჩვენთვის საოპერაციო მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ”,-ამბობს გვენეტაძე.

























